საზოგადოება
ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სახელმწიფო ქონებაზე იჯარისა და ქირის დავალიანება ეპატიებათ

 საქართველო, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ 12 ოქტომბერს განაცხადა, რომ პანდემიით დაზარალებულ იურიდიულ და კერძო პირებს, რომლებიც სახელმწიფო ქონების იჯარით ან ქირის უფლებით სარგებლობენ, 2020 წლის 21 მარტიდან 2021 წლის 21 მარტის ჩათვლით პერიოდში დაგროვილი იჯარის და ქირის გადასახადი, ასევე გადაუხდელობით, ან დაგვიანებით გადახდის შედეგად დარიცხული ჯარიმა ეპატიებათ.

თურნავას თქმით, ჯამში საუბარია, დაახლოებით 5 მლნ ლარზე მეტ თანხაზე, რაც ქირის, იჯარის და მართვის საზღაურ თანხას მოიცავს. ამას ემატება 1 მლნ ლარის ოდენობით გადაუხდელობით და დაგვიანებით გადახდის შედეგად დარიცხული ჯარიმა.

ეს გამომდინარეობს იმ სირთულეებიდან, რაც თავს დაატყდა, ზოგადად, ქვეყანას, ბიზნესებს, ადამიანებს“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა და დასძინა, რომ ხელისუფლებამ ის ერთწლიანი პერიოდი შეარჩია, რომელიც ურთულესი იყო ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით.

მან ასევე განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ეს შეღავათი გავრცელდება იმ მოიჯარეებზეც, ვინც სრულად ან თუნდაც ნაწილობრივ გადაიხადა გადასახადი და ისინი ამ შეღავათით მომავალ გადახდებში ისარგებლებენ.

საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მთლიანი თანხიდან, რომლის პატიებასაც მთავრობა გეგმავს, 1 მლნ ლარი გადაუხდელი თანხებია, ხოლო 4.5 მლნ ლარზე მეტი – სრულად ან ნაწილობრივ გადახდილი ვალდებულებები სახელმწიფოს წინაშე და ეს თანხები მათ მომავალი პერიოდის ვალდებულების შესრულებაში ჩაეთვლებათ.

მთავრობის გადაწყვეტილება, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურებს დაახლოებით, სამი კვირით უსწრებს წინ. თუმცა ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა ასრულებს კანონით დაკისრებულ ვალდებულებას, რომელიც არანაირ კავშირში არ არის არჩევნებთან“.

მისივე თქმით, მთავრობას „ამ წესის შემუშავება“ პარლამენტის მიერ ივნისში სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში მიღებული ცვლილებებით დაევალა.