სამართალი
ლაშა ცქვიტარია: საერთაშორისო ექსპერტების დასკვნით, მტკიცებულებები საკმარისი იყო მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად

 საქართველო, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. ვალერი გელაშვილის ცემის, გაფლანგვისა და „ტელეიმედის“ საქმეებზე საერთაშორისო ექსპერტების დასკვნით, მტკიცებულებები ქმნიდა საკმარის სტანდარტს მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად. ამის შესახებ გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა ლაშა ცქვიტარიამ გაზეთ „კვირის პალიტრას“ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებზე ექსპერტების რანგში მოწვეულები იყვნენ აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის განყოფილების ყოფილი უფროსი პოლ კოფი, ისრაელის ყოფილი სახელმწიფო პროკურორი მოშე ლადორი და იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის მთავარი პროკურორის მოადგილე სერ ჯეფრი ნაისი, რომელიც ჰააგის ტრიბუნალში იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის საქმეს უძღვებოდა და ასევე, დიდი ბრიტანეთის დედოფლის ადვოკატია.

მისი ინფორმაციით, სისხლისსამართლებრივ საქმეებში უცხოელი ექსპერტების ჩართვა განაპირობა მაღალმა საზოგადოებრივმა ინტერესმა როგორც ქვეყნის შიდა, ისე საერთაშორისო დონეზე.

„პროკურატურისთვის, როგორც სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების ნეიტრალური გარანტისთვის, მნიშვნელოვანი იყო უდიდესი საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექსპერტების შეფასება მიმდინარე გამოძიების თაობაზე, მათი თვალით დანახული პერიპეტიები. საერთაშორისო ექსპერტების დასკვნები სამივე საქმეზე ცალ-ცალკე გაიცა. მათი შეფასებითაც სამივე სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები ქმნიდა მტკიცებულებათა საკმარის სტანდარტს მიხეილ სააკაშვილისა და სხვა პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად და, რაც მთავარია, საქმის სასამართლოში წარსადგენად. ექსპერტთა მიერ საქართველოში დაიგეგმა ­ არაერთი ვიზიტი. 2014-15 წლებში ხსენებული ექსპერტები დეტალურად გაეცნენ ყველა სისხლის სამართლის საქმის მასალას. ამ მასალებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით გასცეს ის დასკვნა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ“, - განუცხადა ცქვიტარიამ „კვირის პალიტრას“.

მისი მტკიცებით, ექსპერტების შეფასებით გამოძიება ჩატარდა უმაღლეს პროფესიონალურ დონეზე და კეთილსინდისიერად.

„მათივე შეფასებით გამოძიება იყო ნეიტრალური და ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ ჭეშმარიტების დადგენას. მათ პირდაპირ ჩაწერეს საკუთარ დასკვნებში, რომ საქმის გამომძიებელთა გულწრფელმა და პატიოსანმა თანამშრომლობამ მოახდინა მათზე უდიდესი შთაბეჭდილება. შეისწავლეს როგორც მტკიცებულებები, ასევე გააანალიზეს საქართველოს კანონმდებლობა და სწორედ ამ გამოკვლევებზე დაყრდნობით ­ სამივე საქმეზე მოგვცეს რეკომენდაცია. ეს ბრალდებები იყო მტკიცებულებებით გაჯერებული, საქმე სასამართლოში გაგრძელებულიყო. ასევე მნიშვნელოვანია დასკვნა, რაც გაფლანგვის ნაწილში წაყენებულ ბრალს ეხება, სადაც 9 მილიონზე ვსაუბრობთ. ამ ექსპერტებმა სააკაშვილის მიერ ჩამოყალიბებულ სქემას, შენიღბვის იმ გზას, რასაც ის საკუთარი კეთილდღეობისთვის მიმართავდა, კორუმპირებული და დანაშაულებრივი უწოდეს”, - განუცხადა ლაშა ცქვიტარიამ „კვირის პალიტრას“.