პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ადმირალ რობ ბაუერს შეხვდა

 საქართველო, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი თბილისში ვიზიტით მყოფ ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ადმირალ რობ ბაუერს შეხვდა.

შეხვედრისას, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა, მხარეებმა საქართველოსა და ნატო-ს პარტნიორობის შესახებ ისაუბრეს, განიხილეს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები და რეგიონში ცვალებადი გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ხაზი გაუსვეს ვიზიტის მნიშვნელობას.

სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ მაღალი შეფასება მისცა საქართველოში ვიზიტს და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს ნატო-სთან დაახლოების მიმართულებით აშკარა პროგრესი აქვს, რომლითაც ქვეყანას შეუძლია იამაყოს.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში პოლიტიკური გარემოს პოლარიზაციის მიუხედავად, საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი ის თემებია, რაზეც ქართველი ხალხი ერთსულოვანია.

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ აღნიშნა ავღანეთის მისიაში საქართველოს ჩართულობის მნიშვნელობა. როგორც შეხვედრაზე განაცხადეს, ძალზედ დასაფასებელია, რომ საქართველო უმსხვილესი კონტრიბუტორი იყო ალიანსის არაწევრ ქვეყნებს შორის.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს საქართველოს მიმართ ნატოს გენერალური მდივნის, ნს სტოლტენბერგის მუდმივი მხარდაჭერის გამო, რომელიც საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებშიც გამოიხატება.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.