პუბლიკაციები
ვინ უღალატა საქართველოში შემოსულ სააკაშვილს და ვისგან გაიგეს სამართალდამცავებმა მისი გადაადგილების და სამალავის შესახებ

 საქართველო, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე დეტალურად საუბრობს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე საქართველოში მისი შემოსვლის დღიდან დაპატიმრების ბოლო მომენტამდე:

ამ ეტაპისთვის მიღებული ყველა ინფორმაცია აშკარად მეტყველებს იმ გარემოებაზე, რომ სამართალდამცველები ფლობდნენ ინფორმაციას მისი მარშრუტის და გადაადგილების თაობაზე, რასაც ადასტურებს ღონისძიებისთვის შერჩეული დრო და ადგილი, კერძოდ დაკავება მოხდა უხმაუროდ, ყველანაირი აურზაურის გარეშე, თანაც იმ კორპუსში, რომლის პირველ სართულზეც განთავსებულია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი.

როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, დაკავების ღონისძიებაზე პასუხისმგებელი პირები შეიკრიბნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან (იყვნენ სუსის უფროსი და ღონისძიების ხელმძღვანელები, ასევე, შს მინისტრი), რა დროსაც მისი ჩამოსვლის რეალური მოტივის გამოკვლევის მიზნით, გადაწყვიტეს ამ უკანასკნელის შემოშვება და მის „კვალში“ ჩადგომა, რისი საფუძველიც გახდა ამ უკანასკნელის რეალური მიზნებისა და ცალკეული, განზრახვების მქონე პირების გამოვლენა", - აცხადებს ჩიხელიძე.

იგი ასევე, განმარტავს, თუ როგორ გაიგეს სახელმწიფო უწყებებმა სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის შესახებ.

მეორე კითხვა რაც მქონდა, როგორ გაიგეს? აქ მოწოდებული ინფორმაციები იყო მეტად არაერთგვაროვანი და იკვეთებოდა ზოგადად ორი კანდიდატურა, რომლებსაც შეეძლოთ და სავარაუდოდ უზრუნველყვეს მესამე პრეზიდენტის „ჩაშვება“, პირველი ესაა მიხეილ სააკაშვილთან გარკვეულ დაპირისპირებაში მყოფი ნიკანორ მელია, რომელიც ამ უკანასკნელის „გამოხტომების“ გამო გეგმავდა საკუთარი კანდიდატურის მოხსნასაც კი (მასმედიაში უკვე ღიად გავიდა აღნიშნული ინფორმაცია, მას შემდგომ, რაც ინტერნეტსივრცეში გავრცელება დაიწყო სააკაშვილის ჩამოსვლის ამსახველმა ვიდეორგოლებმა).

როგორც ინფორმირებული პირი ამბობს, უშიშროების კურსდამთავრებული და სუსის ყოფილი თანამშრომელი ნიკანორ მელია არ სარგებლობდა მიხეილ სააკაშვილის ნდობით, თუმცა, მან მესამე პირების მეშვეობით (სავარაუდოდ ეკა ხერხეულიძე, ან აკო მინაშვილი) გაიგო სააკაშვილის გეგმების შესახებ და ისარგებლა რა იმით რომ იყო უშიშროების აკადემიაში, გამოიყენა იქ შეძენილი კავშირები და შეატყობინა სუს-ინფორმაცია სააკაშვილის ვიზიტის თაობაზე.

რაც შეეხება ნიკანორ მელიას მოტივს, ამ შემთხვევაში პოზიცია არაერთგვაროვანია, როგორც მე მითხრეს, ერთია სააკაშვილის მოშორების სურვილი, ხოლო მეორე შიში, კერძოდ პატიმრობის შემდგომ ნიკა მელია გრძნობდა თავს მიტოვებულად, რადგან მას არ დაუფასეს პარტიის გამო ციხეში წასვლა და არის გაბრაზებული, ამასთან მან იგრძნო, რომ იქ ხელმეორედ მოხვედრა მისთვის იქნებოდა საბედისწერო და ამ გზით გადაწყვიტა „ორი კურდღლის დაჭერა“ (ის რომ ციხემ შეაშინა მეტყველებს ისიც, რომ მან განაცხადა თანხმობა გირაოზე, მაშინ როდესაც ციხეში მოხვედრამდე, ყოველდღიურად უმტკიცებდა საზოგადოებას, აღნიშნულის შეუძლებლობას – როგორც ვხედავთ ციხემ ის გატეხა).

რაც შეეხება მეორე ინფორმატორს, ამ შემთხვევაში საუბრობენ ალბათ ბევრის მოულოდნელ ნიკა გვარამიაზე, რომელსაც ამისთვის შეიძლება ითქვას ყველაზე წონადი მიზეზი, რაც მას მისცეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სადაც გამოკითხვაზე იმყოფებოდა სწორედ სააკაშვილის დაბრუნების წინა დღეებში. როგორც შემატყობინეს ნიკა გვარამიას სუს-ში მიმდინარე დაკითხვის დროს, წარუდგინეს (მოასმენინეს) გარკვეული აუდიო ჩანაწერები, საიდანაც იკვეთება, რომ სნაიპერული შაშხანით მისი ლიკვიდაციის დაკვეთა, შესაძლოა მომდინარეობდეს მიხეილ სააკაშვილის გარემოცვისგან, რაც ნიკა გვარამიასთვის რთული დასაჯარებელი არ იქნებოდა, რადგან ანალოგიურ საშუალებას მიმართა ყოფილმა პრეზიდენტმა გივი თარგამაძის შემთხვევაში (აღნიშნული ყველაზე კარგად ნიკა გვარამიასთვისაა ცნობილი, ასევე, ანალოგიური ეჭვები იყო გიორგი გაბუნიას საქმესთან დაკავშირებით, როდესაც უკრაინელი, გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფი აცხადებდა, რომ ხსენებული დაკვეთა წამოვიდა სწორედ მიხეილ სააკაშვილისგან).

აღნიშნულით ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია სრულდება, თუმცა ზემოხსენებული ფაქტები მეტად ლოგიკურია იმისთვის, რომ არ დაიჯერო, იმისთვის, რომ არ ენდო, რადგან სააკაშვილი გახდა მისთვის ახლო პირის ან მისი პარტიის თავმჯდომარის ღალატის მსხვერპლი, რომელიც მან ალბათ დაიმსახურა, ყველაფერი იმისთვის რასაც ის აკეთებდა და აკეთებს, საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგოდ“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.

resonancedaily.com