პოლიტიკა
ევროპარლამენტი საქართველოს სასამართლო სისტემის, კანონის უზენაესობის, მედიის პლურალიზმისა და ოპოზიციასთან თანამშრომლობის მხრივ ახალი რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროპარლამენტის თავმჯდომარე ერჟი ბუზეკმა განაცხადა, რომელმაც საქართველოს გატარებული რეფორმები მიულოცა, თუმცა, ამავე დროს, ახალი რეფორმების გატარებისკენ მოუწოდა.
„სათანადოდ თანამშრომლობისათვის აუცილებელია უფრო მეტი თავსებადობა ჩვენს სისტემებს შორის“, – დასძინა ევროპარლამენტის თავმჯდომარემ.
მართალია, საქართველოს ხელისუფლება მუდმივად საუბრობს იმაზე, რომ სასამართლო სისტემის თუ მედიის კუთხით რეფორმები წარმატებულად ხორციელდება, თუმცა ევროპარლამენტის პრეზიდენტის განცხადება, ალბათ, მიანიშნებს იმაზე, რომ „ნაციონალური პარტიის“ სლოგანი – „გასაკეთებელი კიდევ ბევრია“ – საქართველოში ჯერ კიდევ დიდხანს იქნება აქტუალური. რეფორმების მხრივ, პროგრესი არც ოპოზიციასთან თანამშრომლობის სფეროშია, რადგან რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შედეგი, რომელიც ხელსუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მიმდინარეობს და, წესით, აქამდე უნდა დასრულებულიყო, ჯერ კიდევ არ არის მიღწეული.