პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ მიერ თბილისში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგებით, კახა კალაძეს გამოკითხულთა 57.9% უჭერს მხარს, ნიკა მელიას - 27.8%, გიორგი გახარიას - 5.3%

 საქართველო, 24 სექტემბერი, საქინფორმი. „ქართული ოცნების“ მიერ თბილისში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგებით, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის კახა კალაძე ლიდერობს. როგორც თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ამილახვარმა გუშინდელ ბრიფინგზე განმარტა, კახა კალაძეს გამოკითხულთა 57.9% უჭერს მხარს, ნიკა მელიას 27.8%, ხოლო გიორგი გახარიას 5.3%.

გიორგი ამილახვარის შეფასებით, კახა კალაძეს აქვს ძალიან მყარი შესაძლებლობა, არჩევნები პირველივე ტურში დამაჯერებლად მოიგოს.

„კითხვაზე, ხვალ რომ თბილისის მერობის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, პასუხები შემდეგი სახით განაწილდა;

კახა კალაძე-„ქართული ოცნება“-57.9%

ნიკანორ მელია -„ნაციონალური მოძრაობა“-27.8%

გიორგი გახარია-„საქართველოსთვის“-5.3%

ანა ბიბილაშვილი-„ლელო“-2.5%

გიორგი ლომია-„პატრიოტთა ალიანსი“-2.1%

ანა დოლიძე-„ხალხისთვის“-1.6%

თამარ კეკენაძე_“მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელი“-0.6%

მიხეილ ქუმსიშვილი-„ლეიბორისტული პარტია“-0.5%

სხვა კანდიდატებზე გადანაწილდა 1.7%.

კახა კალაძის რეიტინგი წინა პერიოდის ანალოგიურ კვლევასთან შედარებით, კიდევ გაიზარდა. ჩვენი მოლოდინების გამართლდა. ჩვენ აქტიურად ვაწარმოებთ საარჩევნო კამპანიას და შესაბამისად, რეიტინგც მზარდია. როგორც ხეედავთ, კახა კალაძეს აქვს ძალიან მყარი შესაძლებლობა, არჩევნები პირველივე ტურში დამაჯერებლად მოიგოს“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 16-20 სექტემბერს. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 2792 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარია 3%.