აქტუალური
რიკოთის საუღელტეხილო გზის პირველი, ორკილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა

 საქართველო, 24 სექტემბერი, საქინფორმი. გაიხსნა რიკოთის პირველი, ორკილომეტრიანი მონაკვეთი. ისტორიული დღეა საუკუნის პროექტის, რიკოთის მონაკვეთის მშენებლობაში. ამ ორკილომეტრიან მონაკვეთზე გვაქვს სამი გვირაბი და ექვსი ხიდი. რეალურად ეს არის პირველი შესაძლებლობა ჩვენი მოქალაქეებისა და სტუმრებისათვის, უკვე ფიზიკურად შეიგრძნონ, თუ რას ნიშნავს საერთაშორისო სტანდარტის მაგისტრალური გზა, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

რიკოთის მაგისტრალის პირველ, ორკილომეტრიან, ორზოლიან ხევი-უბისას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეს გაიხსნა. ამჟამად მოძრაობა გაიხსნა ორკილომეტრიანი, ოთხზოლიანი მონაკვეთის ორ ზოლზე (ცალ მიმართულებაზე), ხოლო პარალელურად არსებულ ორზოლიანი გზის სამშენებლო სამუშაოები გრძელდება.

ახალი გზის მონაკვეთი მოიცავს ექვს ხიდსა (სიგრძით: 98 მ; 65 მ; 98 მ; 98 მ; 65 მ და 131 მ) და სამ გვირაბს (სიგრძით: 70 მ; 182 მ; 100 მ).

„მოძრაობის გადმორთვის პირობებში, უკვე მეორე ორზოლიან მონაკვეთზე ინტენსიურად გაგრძელდება სამუშაოები და მთლიანობაში, პროგრესის გათვალისწინებით, უკვე მომდევნო მონაკვეთების გახსნა გვაქვს დაგეგმილი“, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, სულ აშენდება 51.6 კმ-მდე კმ გზა, 96 ხიდი და 53 გვირაბი. ინტენსიური უკვე სამუშაოები მიმდინარეობს 71 ხიდზე და 47 გვირაბზე, ხოლო რვა გვირაბი უკვე გაჭრილია. შესაბამისად, რიკოთის მაგისტრალის პროექტის 80 პროცენტი აქტიურ სამშენებლო ფაზაშია.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რიკოთის მაგისტრალური გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო ჩქაროსნული მაგისტრალისა და ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია და საქართველოს ლოჯისტიკურ და სატრანზიტო ჰაბად ფორმირებისთვის უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს.

„რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა არის საუკუნის პროექტი, რომელიც სრულდება ურთულეს გეოგრაფიულ მარშრუტზე და ურთულესი საინჟინრო კონსტრუქციებით. რიკოთის ახალი მაგისტრალის მშენებლობის დასრულების შემდეგ, გადაადგილების სიჩქარე გაიზრდება და რიგ მონაკვეთებზე თითქმის გაორმაგდება. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით. ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს.

რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში მოეწყობა სპეციალური სივრცეები, სადაც მიმდებარე სოფლების მოსახლეობას საკუთარი ნაწარმის გაყიდვის საშუალება ექნება. ასეთი სავაჭრო მოედნები მოეწყობა სურამში, შროშასა და ზესტაფონში.

„კოვიდ-19“-ის გამოწვევის მიუხედავად, რიკოთის უღელტეხილზე სამუშაოები არ გაჩერებულა და მათი პროგრესი შენარჩუნებულია. რიკოთის პროექტებზე ამჟამად დასაქმებულია 4 000-ზე მეტი ადამიანი და დასაქმებულთა 68 პროცენტი საქართველოს მოქალაქეა.

ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის 732 მილიონ ლარზე მეტი ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდ ლარამდეა“, – აღნიშნულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაში.