„დინამოს“ სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოველდღე ერთსა და იმავე ადგილას მოხუცი ქალბატონი ყვავილებით ვაჭრობს. ვაჭრობს და ის, ალბათ, ერთადერთია, რომელსაც არც საგადასახადო სამსახურის ეშინია და არც თბილისის მერიის.
ნათელა ხუბულავა, დევნილი გარემოვაჭრე: „აქ უკვე დიდი ხანია, ვზივარ და დილიდან საღამომდე ყვავილებით ვვაჭრობ. იცით, ალბათ, გარემოვაჭრეები რომ გაყარეს, მაშინ ჩემთანაც მოვიდა მერიიდან კაცი და პირდაპირ მომახალა – გაეთრიე აქედანო. ავდექი და იმავე საღამოს მივწერე პრეზიდენტს წერილი: „მე გავეთრევი, მაგრამ მაშინ აფხაზეთისკენ გამიხსენით გზა!“
მეორე დღესვე მომივიდა წერილობითი პასუხი: „ივაჭრეთ, ქალბატონო, სადაც გნებავთ“.
– კი, მაგრამ მერიამ ეს ხომ არ იცის?
– როგორ არ იციან... დავჯექი თუ არა, იმავე დღეს მოცვივდნენ – რად გინდოდათ, პრეზიდენტს რომ წერდით, ჩვენთვის მოგემართათ წერილითო...