სამართალი
ირაკლი კობახიძე: მძიმე ქმედებას, რაც დმანისში ვიხილეთ, არავითარი გამართლება არ აქვს

 საქართველო, 22 სექტემბერი, საქინფორმი. ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დმანისის სოფელ განთიადში მომხდარს არავითარი გამართლება არ აქვს და დამნაშავე უნდა დაისაჯოს.

„ერთადერთი რაც შეიძლება ითქვას, არის ის, რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს. ასეთ მძიმე ქმედებას, რაც დმანისში ვიხილეთ, არავითარი გამართლება არ აქვს. ეს არის ერთადერთი პოზიცია, რაც შეიძლება ჩვენ გვქონდეს. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ვინ სჩადის ასეთ ქმედებას და რომელი პარტიის წარმომადგენელი.

ამ ქვეყანაში, ერთადერთი, ვინც წაახალისებს ძალადობას, სიძულვილს, ზიზღს და ა.შ. ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ პირველ რიგში, თავისი ტელევიზიებით“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება მომხდარზე „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობას, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ბოლო სამი თვეა „ქართული ოცნება“ ქვეყნის განვითარების გეგმაზე საუბრობს, ხოლო ტელევიზიები და „ნაციონალური მოძრაობა“ კი სიძულვილს თესავენ, ამიტომ პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ.

„ეს არის პირველი შემთხვევა ამ სამთვიანი საარჩევნო კამპანიის პერიოდში. არ აქვს არანაირი გამართლება. და მე რა პასუხისმგებლობა უნდა ავიღო? - კაცმა დაჭრა, დეგენერატმა ვიღაცამ ვიღაცა კაცი. პასუხისმგებლობა უნდა აიღოთ თქვენ იმ მუდმივ სიძულვილზე, ძალადობაზე, ბოროტებაზე და უბედურებაზე, რაც ყოველდღიურად გადმოედინება თქვენი ტელეარხებიდან. პასუხისმგებლობა უნდა აიღონ გვარამიამ, ნოდარ მელაძემ, ჭუტამ, სააკაშვილმა, მელიამ, ამ ნაძირლებმა იმაზე, ზოგადად რაც ხდება საქართველოში.

მთელი ამ სამი თვის განმავლობაში ჩვენ ვსაუბრობთ, როგორ წარმოგვიდგენია ამ ქვეყნის, ქალაქების, სოფლების განვითარება, ხოლო თქვენ ხართ დაკავებული იმით, რომ დათესოთ სიძულვილი, აგრესია, ძალადობა და ათასი საზიზღრობა ამ ქვეყანაში. ამას აკეთებთ არა მხოლოდ გასული სამი თვის განმავლობაში, არამედ ამას აკეთებთ მუდმივად. ეს არის საზიზღრობა რაც ხდება ტელევიზიებში. ნოდარიკო მელაძე არის საზიზღრობა, ნიკა გვარამია არის საზიზღრობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, დმანისში, დაპირისპირებისას ორი პირი დაჭრეს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების ინფორმაციით, სოფელ განთიადში დმანისის მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე ოპოზიციის ორი აქტივისტი დანით არის დაჭრილი.