უცხოეთი
შარლ მიშელი ჯო ბაიდენს მოკავშირეებისადმი არალოიალურ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს

 საქართველო, 22 სექტემბერი, საქინფორმი. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოკავშირეებისადმი არალოიალურ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ განცხადება შარლ მიშელმა ნიუ იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის გახსნამდე გააკეთა. ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.

აღნიშნული განცხადებით შარლ მიშელი გამოეხმაურა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის მიერ უსაფრთხოების პაქტის გაფორმებას, რომელიც ინდო-წყნარი ოკეანეთის რეგიონში სამი ქვეყნის თანამშრომლობის გამტკიცებას ისახავს მიზნად.

„ალიანსების ელემენტარული პრინციპი არის ლოიალურობა და გამჭვირვალობა, რის მკაფიო დანაკლისს ვხედავთ“, – განაცხადა შარლ მიშელმა რეპორტიორებთან საუბრისას.

მისივე თქმით, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის შეთანხმების თემა არ უნდა განიხილებოდეს მხოლოდ საფრანგეთის ეკონომიკური ინტერესების ჭრილში. როგორც ცნობილია, უსაფრთხოების პაქტით აშშ ბირთვული წყალქვეშა ნავების ტექნოლოგიას გადასცემს ავსტრალიას, შედეგად კი, კანბერმა პარიზთან გაფორმებული მრავალმილიარდიანი კონტრაქტი გაწყვიტა. თუმცა, როგორც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი აცხადებს, საქმე ეხება აშშ-ის მხრიდან ევროპელი მოკავშირეების უპატივცემოლობის გრძელვადიან ტენდენციას, რაც ვაშინგტონის მხრიდან ჯორჯ ბუშ უმცროსის პრეზიდენტობის პერიოდიდან დაიწყო, რომელმაც გადაწყვიტა, ომი დაეწყო ერაყსა და ავღანეთში.

„ობამამ თავისი ქარიზმით, მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება სირიაში, რასაც ნეგატიური შედეგი მოჰყვა ევროპისთვის და ჩვენ ასევე ვადევნებდით თვალს კოორდინაციის დანაკლისს აშშ-ის მთავრობასა და ევროპის სახელმწიფოების მთავრობებს შორის. დონალდ ტრამპის დროს ჩვენ მკაფიოდ ვიცოდით, რომ ის არ უჭერს მხარს ევროპულ ინტეგრაციას და ევროპა მისთვის მნიშვნელობას არ წარმოადგენდა. ეს მკაფიო იყო“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

მისივე თქმით, ბაიდენი ბევრს საუბრობდა ტრანსატლანტიკური ურთიერთობების აღდგენაზე, მაგრამ შემდეგ ევროპელი მოკავშირეებისთვის მოულოდნელად გადაწყვიტა, გაეგრძელებინა ტრამპის გეგმა და ავღანეთიდან სამხედროები გაეყვანა. ამას მოჰყვა რამდენიმე დღის წინ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის შეთანხმების შესახებ უცნაური განცხადება.

„როდესაც ტრანსატლანტიკური ალიანსი სიმტკიცეს კარგავს, ეს არ არის კარგი ევროპის და მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის. აშშ თუ ფიქრობს, რომ ჩინეთი არის მთავარი საფრთხე მსოფლიოსთვის, მაშინ ძალიან უცნაურია, რომ აშშ და სხვა ქვეყნები ტრანსატლანტიკური კავშირის შესუსტების გადაწყვეტილებას იღებენ და პირიქით, მის გაძლიერებაზე არ ზრუნავენ. ძალიან უცნაურია ევროპის გამოთიშვა ინდო-წყნარი ოკეანეთის რეგიონიდან. დიდი შვიდეული სამიტის დროს ჩვენ დიდხანს ვისაუბრეთ გეოპოლიტიკურ საკითხზე და გადავწყვიტეთ, რომ გვჭირდება ერთიანობა, თუმცა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთსა და ავსტრალიის შეთანხმების გამოცხადება ერთიანობის ნიშანი არ არის“, – განაცხადა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა.

შარლ მიშელის თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები აშშ-თან დავის საკითხს 5 ოქტომბერს სლოვენიაში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ.

1tv.ge