უცხოეთი
ლავროვი: უკრაინა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის თემის ისტერიკის დონეზე გაყვანას ცდილობს

 საქართველო, 16 სექტემბერი, საქინფორმი. რუსეთის მთავარმა დიპლომატმა გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის შესახებ კომენტარი გააკეთა.

უკრაინის ხელისუფლება მუდმივად ცდილობს, რომ გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის თემა ისტერიკის დონეზე გაიყვანოს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენი უკრაინელი მეგობრები ამ თემის ისტერიკის დონემდე მიყვანას მუდმივად ცდილობენ. ეს უკვე ჩვევად ექცათ, წესად, რაღაც აუცილებლად სთხოვონ დასავლეთს. აი, „ჩრდილოეთის ნაკადი“, გააჩერეთ! თუ არ შეგიძლიათ გაჩერება, მაშინ მოგვეცით ფული კომპენსაციის სახით... და შეგვიშვით ნატოში, ევროკავშირში, დიდი ხანია მზად ვართ. ეხვეწებიან და ევედრებიან“,განაცხადა ლავროვმა, იუწყება РИА Новости.

ლავროვმა აღნიშნა, რომ კიევის ასეთი პოლიტიკა უკრაინელი ხალხის ღირსებას ლახავს.

„ქვეყანას, ალბათ, თავისი რაღაც ღირსება უნდა ჰქონდეს. უკრაინელი ხალხი თავისი მდიდარი ისტორიით იმსახურებს, რომ იყოს აღმშენებელი და არა მუდმივად ხელგაწვდილი მთხოვნელი“, – დასძინა ლავროვმა.

ის ასევე შეეხო „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ნებართვის მიღებაზე ვადებს გერმანელი რეგულატორის მხრიდან. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ პროცესს შეიძლება დაახლოებით ოთხი თვე დასჭირდეს.

„ყველა სამუშაო დასრულებულია. ახლა მიმდინარეობს აუცილებელი ნებართვების მიღების პროცესი გერმანული რეგულატორის მხრიდან. როგორც ირკვევა, გერმანული კანონმდებლობით პროცესი სწრაფი არაა. იქ ოთხი თვეა, 2022 წლის დასაწყისი ინიშნება“, – განაცხადა ლავროვმა.

ეჭვგარეშეა, რომ თავდასხმები „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ზე გაგრძელდება, მათ შორის, აგრესიული უმცირესობის მხრიდან ევროპაში, მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, აღნიშნა ლავროვმა.

პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ გაზსადენის ორი ტოტის მშენებლობას ითვალისწინებს რუსეთის სანაპიროებიდან გერმანიამდე ბალტიის ზღვის გავლით. საერთო სიმძლავრე — წელიწადში 55 მლრ კუბომეტრი ბუნებრივი აირი. პროექტს ახორციელებს Nord Stream 2 AG, რომლის ერთადერთი აქციონერია „გაზპრომი“. პროექტის ევროპელი პარტნიორები არიან Royal Dutch Shell, OMV, Engie, Uniper და Wintershall.

sputnik-georgia.com