საქართველო, 15 სექტემბერი, საქინფორმი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 13 სექტემბერს განაცხადა, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სამხედროებმა რეგიონში რუსეთის ხელმძღვანელობით ჩატარებულ ტაქტიკურ სწავლებებში მიიღეს მონაწილეობა.
წვრთნებში რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის დაახლოებით 1 200 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა და მისი სცენარის მიხედვით, სამხედროებმა მოწინააღმდეგის ტაქტიკური საჰაერო დესანტის თავდასხმა მოიგერიეს.
რუსეთის შეიარაღებული ძალები ერთი კვირის განმავლობაში ატარებენ წვრთნებს ვოლგოგრადის ოლქში, ყარაჩაი-ჩერქეზეთში, ჩეჩნეთსა და რუსეთის სამხედრო ბაზაზე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში. საერთო ჯამში, წვრთნებში 6 000-მდე სამხედრო და 300 ერთეული სამხედრო ტექნიკაა ჩართული, მათ შორის ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები, საარტილერიო დანადგარები და სარაკეტო სისტემები.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მე-4 რუსული სამხედრო ბაზაა განთავსებული, რომელიც სამხრეთის სამხედრო ოლქის დაქვემდებარებაშია.
ოფიციალურმა თბილისმა ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ხელმძღვანელობით გამართული წვრთნების გამო შეშფოთება არაერთხელ გამოთქვა.