საქართველო, 30 აგვისტო, საქინფორმი. ევროკავშირი მზად არის სომხეთს საზღვრის დელიმიტაციის საქმეში დახმარება აღმოუჩინოს - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელის წერილში, რომლითაც ის არარატ მირზოიანს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დანიშვნას ულოცავს.
წერილში, რომელსაც სომხური მედია ავრცელებს, აღნიშნულია, რომ სომხეთი ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ევროკავშირი მზად არის ორმხრივი ინტერესის სფეროებში, მათ შორის დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების განმტკიცების მიმართულებით მუშაობა გაგრძელდეს.
„მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო ევროკავშირის მზაობა წვლილი შეიტანოს ყარაბაღის კონფლიქტის გრძელვადიან და ყოვლისმომცველ მოგვარებაში, ხელი შეუწყოს ზომებს, რომლებიც მიმართულია პოსტკონფლიქტური განახლების და ნდობის ატმოსფეროს შექმნისკენ. ამ კონტექსტში ჩვენ ვაგრძელებთ ეუთო-ს მინსკის ჯგუფის ძალისხმევის მხარდაჭერას. ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ საზღვრის დელიმიტაციის საქმეში“, - ნათქვამია ბორელის წერილში.
მისივე თქმით, ევროკავშირი მოწოდებულია სომხეთს დახმარება აღმოუჩინოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის კრიზისის და მის შემდგომ პერიოდში.