საქართველო, 19 აგვისტო, საქინფორმი. უნდა გადავდოთ პოლიტიკური განსხვავებები და ყველა იმ ადამიანს პატივი ვცეთ, ვინც ოლიგარქთან ბრძოლაში შედის. არასდროს ყოფილა ასე ადვილად გასაკეთებელი არჩევანი, როგორც წელსაა! ერთ მუშტად შეკვრის დროა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ოპოზიციის ნაწილის საერთო მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.
როგორც მელიამ აღნიშნა, არც ერთ რეგიონში და მათ შორის დედაქალაქშიც ხელისუფლებას ოპოზიციის წინააღმდეგ შანსი არ ექნება.
„დარწმუნებული ვარ, რომ არ დავზოგავთ თავს, არ დავიშურებთ ენერგიას, არც ერთ საათს არ დავკარგავთ იმისათვის, რომ ოლიგარქიული რეჟიმი წელს დავამარცხოთ. განსაკუთრებით მინდა, „ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს მივმართო, არაა დრო ვინ ვის მოსწონდა, ვინ ვის არ მოუწონებს გამოთქმულ მოსაზრებებს, ესაა საერთო ბრძოლა. თუკი არის რეფერენდუმი, მაშინ ყველანი ერთნი ვართ. ყველამ უნდა გადავდოთ პოლიტიკური განსხვავებები და ყველა იმ ადამიანს პატივი ვცეთ, ვინც ოლიგარქთან ბრძოლაში შედის. როგორც არასდროს, მჯერა, რომ შანსს არ დავუტოვებთ მათ შორის თბილისში ხელისუფლებას. ვინაიდან ჩვენ ახლა ერთად ვდგავართ და გადამწყვეტზე გადამწყვეტია ბრძოლა, ისინი ხმას მე მომცემენ, რადგან ბოლო შანსად განვიხილავთ ამ რეფერენდუმს. თუკი გვინდა სიმშვიდე, საზოგადოებრივი უსაფრთხოება, მაშინ ხმა ოპოზიციას უნდა მივცეთ. არასდროს არ ყოფილა ასე ადვილად გასაკეთებელი არჩევანი, როგორიც წელსაა! ერთ მუშტად შეკვრის დროა. განსხვავებები გვერდზე უნდა გადავდოთ”, - განაცხადა მელიამ.