საქართველო, 18 აგვისტო, საქინფორმი. „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია მხარდამჭერებს ბოდიშს უხდის, რადგან დედა ენის ბაღში, სადაც დღეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ევროპულმა საქართველომ“, „გირჩი – მეტი თავისუფლებამ“ და „დროამ“ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს, მოქალაქეები ვერ მიიწვიეს.
როგორც ხოშტარია ამბობს, მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, ადგილზე მოქალაქეების დაპატიჟება ვერ მოახერხეს.
ელენე ხოშტარიამ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა კოალიციური მმართველობის მნიშვნელობაზე.
„მინდა, კიდევ ერთხელ ბოდიში მოვუხადო ჩვენს მხარდამჭერებს, რომ ვერ მოვახერხეთ მათი დაპატიჟება ადგილზე, რადგან, როგორც განვაცხადეთ, ვითვალისწინებთ მძიმე კოვიდვითარებას და ვერ გავრიკსავთ ვერავის ჯანმრთელობას, ვერავის სიცოცხლეს. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს, ვინც დღეს ებრძვის კოვიდს, ვუსურვებთ გამოჯანმრთელებას, ჯანმრთელობას ჩვენს მოქალაქეს. ჩვენ დღეს პარტია „დროა“, „ევროპული საქართველო“ და „გირჩი“, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეთანხმებით წარმოგიდგენთ იმ ადამიანებს, ვინც თბილისში იბრძოლებს მაჟორიტარულ ოლქებში.
ჩვენ ძალიან ხშირად, როდესაც გავდივართ ქუჩაში, ვესაუბრებით მოქალაქეებს და მე და ნიკა ინტენსიურად დავდივართ სხვადსხვა უბანში, ადამიანები ხშირად გვეკითხებიან, რა ვქნათ, როდესაც ვკარგავთ შემოსავალს, რა ვქნათ, როდესაც ვკარგავთ სამსახურს, როდესაც ვაწყდებით უსამართლობას, რომ ჩვენი შვილები არ ცემონ ქუჩაში. რა ვქნათ, რომ გავრილოვი, ლეშენკო და პოზნერი არ იყოს სასურველი სტუმარი ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს პარლამენტში. რა ვქნათ არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მოსმენილი კითხვა. რა ვქნათ, როდესაც ჩვენ გვიბედავენ აბსოლუტურად პროდასავლურ, პროგრესზე ორიენტირებულ საზოგადოებას გვიბედავენ, რომ რუსეთისა და ბელორუსის კაგებესთან დადონ ხელშეკრულება და ვითომც არაფერი, ამ კითხვაზე – რა ვქნათ, არის ძალიან მარტივი პასუხი. 2 ოქტომბერს, რეფერენდუმზე უნდა მივიდეთ და ვთქვათ, რომ ჩვენ ასე გაგრძელება აღარ გვინდა. სწორედ ამ რეფერენდუმზე რომ თქვენ გქონდეთ არჩევანი, არჩევანი არა ცუდსა და უარესს შორის, არამედ რეალურად არჩევანი ცუდსა და უკეთესს შორის, ჩვენ გთავაზობთ ძალიან მნიშვნელოვან, ალბათ ისტორიულ გადაწყვეტილებას, კოალიციურ მმართველობას და ჩვენი მაჟორიტარები არიან პირველი ძალიან მკაფიო ნიშანი ამ კოალიციურ გადაწყვეტილების.
კიდევ ერთხელ მივესალმები „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას. ყველაზე დიდი პარტიის ოპოზიციაში გადაწყვეტილებას, რომ დღესვე გვაჩვენოს მაგალითი. არა მერე ჰიპოთეტურად, როდესაც ძალაუფლებაში მოვალთ, არამედ დღესვე გვაჩვენოს მაგალითი, რომ მე არ მინდა ყველაფერი ჩემთვის, რომ ჩვენ გვინდა ცვლილება და ამ ცვლილებაში აბსოლუტურად ყველა პარტიის, ვისაც ამის სურვილი აქვს, ადგილი არის. ამ ბრძოლაში ჩვენ ვართ ერთი მხრივ, ერთიანები, ყველა, ვისაც თქვენ დღეს აქ ნახავთ და მეორე მხრივ, გთავაზობთ მრავალფეროვნებას, იმ მრავალფეროვნებას, რასაც წარმოადგენს ჩვენი საზოგადოება. ეს არიან ადამიანები, ვინც ჩვენთან ერთად იბრძოლებს თბილისში ცვლილებებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი თავის სიტყვას იტყვის“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ევროპულმა საქართველომ“, „გირჩი – მეტი თავისუფლებამ“ და „დროამ“ გუშინ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს.