რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: საქართველო - ჰიბრიდული ომის მდგომარეობაში

   საქართველო დღეს პრაქტიკულად ჰიბრიდული ომის მდგომარეობაშია, ამასთან, საფრთხეები მოდის გარედანაც და შიგნიდანაც. საიდუმლო ოპერაციები მაღალტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით (ჰაკერული თავდასხმები, უკანონო აუდიომოსმენა და ვიდეოთვალთვალი, ენმ–ს მიერ ფეისბუქის ყველა მომხმარებლის სრული კონტროლი და ცენზურა საქართველოში, ათასნაირი დივერსია, მათ შორისეკონომიკისა და ჯანდაცვის სფეროებში პანდემიის პირობებში, ძირგამომთხრელი პროპაგანდა და კანონიერი ხელისუფლების დამხობის მცდელობები) კოორდინირდება და ფინანსდება არა მარტო სააკაშვილის მიერ კიევიდან და ხორციელდება ადგილზე მისი პარტია „ენმ“–სა და ტელეკომპანია „მთავარი არხის“, არამედ საკმარისი ფინანსური რესურსისა და ხელისუფლებაზე პრეტენზიის მქონე სხვა ადგილობრივი პოლიტიკური დაჯგუფებების მიერ, გაურკვეველი კონფიგურაციით არასტაბილური ელექტორატის დიფუზიის გამო. უმეტეს შემთხვევაში, ესენი არიან, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, მმართველი და ყოფილი მმართველი პარტიების - ივანიშვილის "ქართული ოცნების" (ქო) და სააკაშვილის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" (ენმ) ყოფილი წევრები, რომლებსაც აქვთ საშუალო და მაღალი რანგის საჯარო სამსახურებში, მათ შორის სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის გამოცდილება. შესაბამისად, ისინი ფლობენ დახურულ და სრულიად საიდუმლო ინფორმაციას, მათ შორის მოქმედი სისტემის სუსტი მხარეების შესახებ, რასაც "ყოფილები" დღეს თავად მის წინააღმდეგ იყენებენ. მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ ექს–პრემიერი გახარიას ახალგამომცხვარი პარტია მრავალმნიშვნელოვანი სახელწოდებით-"საქართველოსთვის".

   ყველა სხვა პარტია, რომლის ელექტორატიც 3%-ს არ აღემატება, მათ შორის ზემოთ ჩამოთვლილი პარტიების განაყოფები, ეპიზოდურად ასრულებენ მეორეხარისხოვან როლებს ფასიანი შეკვეთის შემთხვევაში - ხელისუფლებისა თუ ოპოზიციისგან, დასავლეთისა თუ რუსეთისგან, არ აქვს მნიშვნელობა, წვრილი ქართულ პარტიებს არ გააჩნიათ ისეთი პრინციპები და იდეალები, რომელთა ყიდვა–გაყიდვა შეუძლებელია. ბოლო ორი კვირის განმავლობაში მათ ბანაკში შესამჩნევი გამოცოცხლებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა "გრანტები" უკვე მიღებულია.

რაც შეეხება მმართველ პარტიას, ბოლო დროს პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა და მისმა მინისტრებმა განახორციელეს არაერთი თამამი გადაწყვეტილება, რომლებიც ჭეშმარიტად დამოუკიდებელი სახელმწიფოს მთავრობას შეეფერება. ყველა მათგანი ამა თუ იმ გზით ეხება სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვას, რომელსაც დღეს ჩვეულებრივ "ეროვნულს" უწოდებენ და რომელიც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, ჯერ კიდევ გორბაჩოვის დროიდან მოყოლებული, ერთგვარ შინაურ შეკრებად იქცა, ანუ, დაკარგა რეალიზაციის შესაძლებლობა, რადგან ეწინააღმდეგება დასავლური დემოკრატიის იდეალებს. ამით ღრმად განაწყენებული პატიოსანმა მუშაკებმა, რომელთა ყოველდღიურმა შრომამ ფუჭად ჩაიარა, ხმადაბლა განიხილეს ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, „ორთქლის“, უფრო სწორად, კვამლის გამოშვებით ნერვული მოწევის დროს ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში. ხოლო ნამწვის ჩაქრობის შემდეგ, შეუდგნენ რაპორტების წერას და "კანტორებიდან" გადაინაცვლეს კერძო სტრუქტურებში, სადაც პასუხისმგებლობა გაცილებით დაბალია, ხოლო ხელფასი – გაცილებით მაღალი.

საქმე ისაა, რომ 2012 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, ქართველ ხალხს სურდა ცვლილებები - ისე ძალიან, რომ უცნობი ადამიანები ერთმანეთს თვალს უკრავდნენ ქუჩებში და სპონტანური საუბრებს მართავდნენ ბაზრებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში - აქაოდა, სადაცაა ტელევიზიით გაისმის საგანგებო განცხადება და დადგება სამართლიანი ანგარიშსწორების საათი! სამწუხაროდ, პრემიერი ივანიშვილი, როგორც ფილანტროპი და ბიზნესმენი, არ გამოდგა დამსჯელი მოსამართლის როლისთვის. სააკაშვილის პარტიაც კი ბიძინა გრიგორიევიჩმა ძალაუფლებიდან გააძევა ოპოზიციაში არა რეპრესიებითა და რევოლუციით, არამედ "რბილი მეთოდებით" - სამართლიანი არჩევნებითა და დანარჩენი ოპოზიციის მოსყიდვით, რომელთაგან შექმნა "ქო" კოალიცია.

   მისი პოლიტიკური მემკვიდრე, პრემიერ–მინისტრი ღარიბაშვილი, ახალი წლის ღამეს კოლექტიურმა დასავლეთმა გაათავისუფლა იმის გამო, რომ განიზრახა ნაციონალურად ორიენტირებული სახელმწიფოს შექმნა, აღიარებდა ტრადიციულ ღირებულებებს, ძალიან დაახლოებული იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან, რომლისგანაც მიიღო სიმბოლური საჩუქარი - თეთრი რაში და კონსტიტუციაში შემოიღო ქორწინების – როგორც მამაკაცისა და ქალის კავშირის, დეფინიცია.

ყველა მომდევნო პრემიერი იყო უსახური კონფორმისტი, რომელთა „წყალობითაც“ მოხდა ყველა იმ იმედისა და დაპირების საბოლოო დევალვაცია, რის გამოც ქართველმა ხალხმა ორივე ხელით დაუჭირა მხარი ახალ მმართველ პარტიას - მოსახლეობის კეთილდღეობის სწრაფი გაუმჯობესება, ახალი სამუშაო ადგილები და კანონიერების აღდგენა. სააკაშვილის რეჟიმის სამართლებრივი თვითნებობის დროს მსჯავრდებულთა რეაბილიტაციასა და დაზარალებულთა კომპენსაციას მასობრივი ხასიათი არ მიუღია, სააკაშვილის მთავრობა არ გაუსამართლებია ქართულ მართლმსაჯულებას ქართველი და ოსი ეროვნების საკუთარი მოქალაქეების გენოციდისათვის, ხოლო პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგისტრაცია არ გაუქმებულა. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ამოცანა ჩანაცვლდა საერთაშორისო სტრუქტურებში საჩივრების ტაქტიკით გამყოფ ხაზებზე არალეგალური ბორდერიზაციისა და უკანონო დაკავებების საგანზე, ჰუმანიტარული კატასტროფის აქცენტირებით სოხუმსა და ცხინვალში, რომლებიც თბილისს იოტისოდენადაც არ მიახლოებიან.

თუმცა, არსებობს მრავალი მაგალითი, რომლებსაც არა დანაშაულებრივი დაუდევრობის, არამედ მავნებლობის კვალიფიკაცია მიესადაგება. პრემიერმა კვირიკაშვილმა შემოიღო დრაკონული აქციზები იმპორტზე, რის გამოც პროდუქციის ფასი გაორმაგდა, ხოლო ქართული ავტომობილების ბაზარი – მთავარი რეგიონში, სადაც მანქანების საყიდლად უკრაინიდან და ყაზახეთიდანაც კი ჩამოდიოდნენ! - წარსულა ჩაბარდა დრაკონული განბაჟების გამო, რაც ორჯერ აღემატებოდა თავად ავტომანქანის ფასს. ათასობით ადამიანმა დაკარგა ბიზნესი, დარჩა არარეალიზებული ავტომანქანებითა და საბანკო კრედიტებით ხელში. სწორედ ამან განაპირობა ეროვნული ვალუტის დევალვაცია და ინფლაცია ქვეყანაში, რასაც დღემდე ვერ აკავებს ეროვნული ბანკი, რომელმაც აუქციონებზე ასობით მილიონი დოლარი გაყიდა;

პრემიერმა გახარიამ კი ქვეყანა ყრუდ ჩაკეტა, გაანულა მისი ისედაც სუსტი ეკონომიკა და კერძო ბიზნეს–სექტორი; ერთი წლის განმავლობაში არ შემოიტანა ვაქცინის არცერთი დოზა ქვეყანაში, არ შექმნა ახალი ჰოსპიტალური სივრცეები, არ გადაამზადა სამედიცინო პერსონალი, რის შედეგადაც საქართველო დღეს მსოფლიოში პირველ ადგილზეა ინფიცირებულთა რაოდენობით და სიკვდილიანობით (5 -ჯერ მეტი ვიდრე პიკისას ინდოეთში), და ბოლო ადგილზე - ვაქცინირებულთა რიცხვით! შემთხვევითი როდია, რომ სიფხიზლედაკარგულმა სააკაშვილმა, რომელსაც სჯერა გარდაუვალი გამარჯვების, ღიად გასცა ბრძანება თავის ფეისბუქ–გვერდზე - საქართველოში პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში წარუმატებლობა ხელისუფლების მთავარ ბრალდებად იქცეს (თუმცა, შემდეგ წაშალა ეს ჩანაწერი - აქაოდა, ის ჩემ მაგივრად საქართველოს სახელმწიფო უშიშროებამ დაწერაო)?! ყურადღება მიაქციეთ - არა გახარიას, არამედ ღარიბაშვილის მთავრობამ! გახარიამ მაქსიმალურად გააღვივა ხელისუფლებისადმი ოპოზიციის სიძულვილი, გამოიყენა რა მძლავრი ტრავმული იარაღი დემონსტრანტთა ბრბოს წინააღმდეგ, რამაც გამოიწვია მრავალი დასახიჩრება და მხედველობის დაკარგვა, თუმცა წყლის ჭავლი ე.წ. "გავრილოვის ღამეს" სრულიად საკმარისი იქნებოდა, მაგრამ ოპოზიციამ, სააკაშვილის ხელმძღვანელობით, ესეც აპატია გახარიას, რომელსაც ჯერ კიდევ გუშინ "თვალთხარიას" ეძახდნენ. სააკაშვილმა და მისმა პარტიამ აპატიეს გახარიას სააკაშვილის სიამაყის – ღრმაწყლოვანი პორტის "ანაკლიის" მშენებლობის პროექტის შეწყვეტაც და საპარლამენტო ტრიბუნიდან ოპოზიციისადმი მუქარაც - "მე თქვენ დაგასრულებთ!", მოსკოვური ბეგრაუნდიც, ექს–პრემიერი ხომ, რომელიც ენმ–ს ცრუ–თავმჯდომარე მელიას დაკავების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად გადადგა, სწავლობდა, ცხოვრობდა, მუშაობდა და მენეჯერად და ბიზნესმენადაც მოსკოვში შედგა!

იოლი შესამჩნევია, რომ დასავლური კლუბის – "საქართველოს მეგობრების" თანხმობით, დაიწყო მძლავრი მზადება ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის საქართველოს ხელისუფლებაში დასაბრუნებლად (ტყუილად ხომ არ არის უკრაინის მოქალაქე!), რამაც დღეს პიკს მიაღწია. საინტერესო ფაქტი - გასულ კვირას რუსეთმა მყისიერად გადაწყვიტა 50 წლით აუკრძალოს თავის ტერიტორიაზე შესვლა აზერბაიჯანის ყოფილ ელჩს ბელარუსში, მოლდოვასა და პაკისტანში, ისფანდიარ ვაგაბზადეს ინტერნეტში "შეურაცხმყოფელი, ეთნიკური შუღლის გამაღვივებელი" განცხადებებისთვის, მაგრამ დღემდე არ შემოუღია სანქციები სააკაშვილისა და მისი გუნდის მთავარი წევრების წინააღმდეგ, რომლებიც ესროდნენ რუს სამშვიდობოებს, ასევე მისი რუსოფობიური ტელეკომპანიების ტელეწამყვანების მიმართ, რომლებიც მრავალი წელია პროპაგანდირებენ "პირსისხლიანი რუსი ოკუპანტების" - საქართველოსა და მსოფლიოსთვის ისტორიული ბოროტების, განადგურებას, და აგინებენ რუსეთის პრეზიდენტს ბილწი, ჩვეულებრივ, საქართველოში გამოუყენებადი სალანძღავი სიტყვებით! ხოლო ახალ მრავალსერიან დოკუმენტურ ფილმში, სადაც "გენიალური ქართველი რეფორმატორი" პრაქტიკულად ნაჩვენებია როგორც უკრაინის მხსნელი, სააკაშვილი პირობას დებს, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ, თავის ქალაქგარე უკრაინულ ვილას ქართული ვენახებით, დატოვებს საქართველოს ელჩის განკარგულებაში უკრაინაში, "სტუმრების მისაღებად" ...

მაშ, რით, რა ქმედებებით განარისხა ორჯერ პრემიერმა ღარიბაშვილმა ამჯერად დასავლეთი? თამამი გადაწყვეტილებებით, რომლებიც შეეფერება ნამდვილი სახელმწიფოს მთავრობას, რაც იმთავითვე აღვნიშნე?

უპირველეს ყოვლისა, იმით, რომ გააუქმა ყბადაღებული მიშელის ხელშეკრულება, რომელიც არ იყო ხელმოწერილი ოპოზიციის მიერ და რომელიც გასცდა სამართლებრივ ჩარჩოებს, წინააღმდეგობაში მოვიდა საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის დებულებებთან. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ უარი თქვა ვალდებულებაზე, ჩაეტარებინა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 2024 წლამდე, თუკი მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, მმართველ პარტია მიიღებს ხმების 43 პროცენტზე ნაკლებს. და იმით, რომ არ უზრუნველყო გეი–აღლუმის ჩატარება თბილისში მიმდინარე წლის 5 ივლისს, "Tbilisi Pride"-ის კვირეულის ფარგლებში, და ასევე იმით, რომ უარი უთხრა ბათუმში კონფერენციაზე ჩასულ უკრაინისა და მოლდოვას პრეზიდენტებს სააკაშვილის შეწყალებასა და საქართველოში შემოშვებაზე...

ღარიბაშვილმა, სააკაშვილის ოპოზიციის სამწუხაროდ, რომელიც ქუჩაში დაღუპულთა გვამებზე ოცნებობდა, პირადად მოახდინა ვაქცინის 3 მილიონამდე დოზის შეძენისა და საქართველოში შემოტანის ორგანიზება, რის წყალობითაც ქვეყანაში წარმატებით დაიწყო მშვენივრად ორგანიზებული ვაქცინაცია, რაც არ გაკეთებულა გახარიას პრემიერობის ერთი წლის განმავლობაში. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ მას შემდეგ, რაც სააკაშვილის მთავარი პარტიული პროპაგანდისტული ტელეარხის, „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა გამოაქვეყნა მასალები სუს–ის ოპერატიული და ტექნიკური სამსახურის მიერ ცნობილი პირების საიდუმლო აუდიომოსმენების შესახებ, რომლებიც ძირითადად შეიცავს ინფორმაციას პარლამენტის წევრების, ჟურნალისტების, დიპლომატების, მღვდლების, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვათა სექსუალური ცხოვრების შესახებ, სუს–მა დაიწყო გამოძიება მოღალატეების გამოსავლენად თავის თანამშრომლებს შორის, რომლებიც სრულიად საიდუმლო ინფორმაციას გადასცემენ ოპოზიციურ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. შეგახსენებთ, რომ ბოლო წლებში გვარამია და მისი მსგავსი ექსტრემალური „ჟურნალისტები“ ძალოვან სტრუქტურებში (სადაც ძველ თანამშრომლებს შორის სააკაშვილის პოლიციური რეჟიმის ნოსტალგია მართლაც მძლავრია) თავისი წყაროების გამოყენებითა და ამის უშიშრად კვეხნით, აქვეყნებდნენ საიდუმლო ინფორმაციას პირდაპირ ტელეეთერში.

მაგრამ "თხუნელებისა" და "ვირთხების" განსაკუთრებით ძებნაც საჭირო არ არის - გახარიას პარტიაში იხილავთ არა მხოლოდ ყოფილ გუბერნატორებსა და ელჩებს, მოქმედ პარლამენტარებს, მოსამართლეებსა და მთავარ ექიმებს, არამედ შსს–სა სუს–ის მრავალ, მინისტრის მოადგილეებისა და ანალიტიკური დეპარტამენტების ხელმძღვანელების დონის ყოფილ მაღალჩინოსანს. საკითხავი მხოლოდ ისაა - როდის დაიწყო მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების ასეთმა მასამ ოპოზიციისთვის და ხელისუფლების წინააღმდეგ მუშაობა? ნუთუ - გადადგომამდე, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით?! დარჩებიან თუ არა ისინი ფიცის ერთგულნი მომავალში - ხომ არ გაამხელენ სახელმწიფო საიდუმლოებას საკუთარი პოლიტიკური კარიერის ინტერესებიდან გამომდინარე ახალ პარტიაში, ყოფილი პრემიერის ხელმძღვანელობით?

ალბათ, პრემიერ–მინისტრის სავარძელში ღარიბაშვილის მეორედ დაბრუნებით, როდესაც საქართველო თითქმის გახდა თურქეთის, ნატოს და კოლექტიური დასავლეთის უკანა ეზო, ივანიშვილმა თავის ერთგულ მოსწავლეს კარტ–ბლანში მისცა, აქაოდა, ამჯერად ხელს არ შეგიშლი, იმოქმედე - და ყველაფერი შენია, გამარჯვებაც და მარცხიც!

ღარიბაშვილი ქართული სახელმწიფოს პირველი მეთაურია, რომელმაც განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილმა საქართველოში დააბრუნა რუსული არმია, რომელმაც ის უკანასკნელი ჯარისკაცამდე დატოვა. გამოდის, რომ ღარიბაშვილი სამართლიანად არ თვლის 2008 წლის აგვისტოში ცხინვალში მყოფ საერთაშორისო სამშვიდობოების ცისფერ ბერეტებს რუსულ არმიად, როგორც სააკაშვილი და ყველა ქართველი რუსოფობი პოლიტიკოსი!

ღარიბაშვილი ქართული სახელმწიფოს პირველი მეთაურია, რომელმაც თამამად განაცხადა, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა თავად გაანადგურეს საბჭოთა ხელისუფლების დროს „საათივით აწყობილი“ რესპუბლიკა, მისი ქარხნები და ფაბრიკები, გაფლანგეს სახალხო ქონება და წიაღისეული სიმდიდრეები.

ღარიბაშვილი ქართული სახელმწიფოს პირველი მეთაურია, რომელმაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 10–წლიანი სამუშაო გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ საქართველო უნდა მოემზადოს რუსეთთან დიალოგისთვის, რა თქმა უნდა, საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით.

ამრიგად, როგორც ვხედავთ, მთავარი საფრთხე, რომელსაც ღარიბაშვილი უნდა გაუმკლავდეს, არის არა გარე, არამედ შიდა საფრთხეები, რომელთაგან ზოგიერთი მოხსენიებულია ამ პუბლიკაციაში. 10 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ განაცხადა, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში შიდა საფრთხეები წარმოადგენს მთავარ საფრთხეს ნებისმიერი ქვეყნისთვის, განსხვავებით გარე ძალისგან - „როდესაც ჩვენ გვემუქრებიან, ხოლო ჩვენ გვესმის, ვინ გვეემუქრება და რით გვემუქრება...". იმიტომ, რომ "შიდა საფრთხეები საზოგადოებას ხრწნის", - განაცხადა შოიგუმ და მაგალითად მოიყვანა იუგოსლავია, ლიბია, ერაყი, სირია, ეგვიპტე და აღნიშნა - "ვიღაცამ გაუძლო, ვიღაცამ ვერ გაუძლო". შიდა საფრთხეები ქართული სახელმწიფოსთვის, რომელიც არსებული დაპირისპირებიდან წარმოიქმნა ქართველ საზოგადოებაში, გასული საუკუნის ბოლოდან სოროსმა და სააკაშვილმა რომ დაყო პარტნიორებად და დაუძინებელ მტრებად, მამებად და შვილებად, პროდასავლურად და პრორუსულად, ძალისმიერი გზით ვერ აღმოიფხვრება...

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2021 წლის 16 აგვისტო
საქართველო, თბილისი