საქართველო, 13 აგვისტო, საქინფორმი. აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) 12 აგვისტოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. დოკუმენტი სხვადასხვა საკითხების, მათ შორის, ეკონომიკის, მთავრობის მიერ კოვიდ-19-ის პანდემიის მართვის, ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების, სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობისა და 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების შესახებ მოქალაქეების განწყობებს ასახავს.
კვლევის თანახმად, მოსახლეობის 49% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. ეს მაჩვენებელი, წინა 2021 წლის თებერვლის კვლევასთან შედარებით 5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. 25%-დან 23%-მდე შემცირდა იმ მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. 19% მიიჩნევს, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება. წინა კვლევაში ეს მონაცემი 22%-ის ტოლი იყო.
გამოკითხულების 51% მიიჩნევს, რომ საქართველოში ამჟამად დემოკრატია არ არის, 35%-ის მოსაზრებით კი არის.
კვლევა NDI-ისთვის საველე სამუშაოები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით CRRC-საქართველომ ჩაატარა. გამოკითხვა ჩატარდა 2020 წლის 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2 016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევის ავტორების თქმით, ცდომილების საშუალო ზღვარი +/-1.3%-ია.
2021 წლის თებერვლის კვლევასთან შედარებით, 27%-დან 37%-მდე გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობა პანდემიას ცუდად უმკლავდება, 68%-დან 53%-მდე კი – შემცირდა მათი რაოდენობა, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობა პანდემიას კარგად უმკლავდება.
კითხვაზე – „როგორ მიდის კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის პროცესი საქართველოში?“ – 45% პასუხობს, რომ ცუდად, 37%-ის მოსაზრებით კარგად, 18%-მა არ იცის.
გამოკითხულების 42% ამბობს, რომ არ აქვს ვაქცინაციის პროცესის შესახებ საკმარისი ინფორმაცია, 54% ამბობს, რომ აქვს. 4%-მა არ იცის.
გამოკითხულების 47% ამბობს, რომ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრას არ გაიკეთებდა, 35% აიცრებოდა, აცრილია მხოლოდ 11%, 7%-მა კი – არ იცის.
აცრისთვის მზაობას უფრო თბილისის მკვიდრები და ასაკოვანი მოქალაქეები გამოხატავენ. მაგალითად, თბილისელების 39% აიცრებოდა, 37% არა, 16% კი – უკვე აცრილია. სხვა ქალაქებში მცხოვრებთაგან აიცრებოდა 33%, 52% არა. სოფლად მკვიდრებისგან აიცრებოდა 34%, 51% არა.
რაც შეეხება ასაკობრივ კატეგორიებს, 18-34 ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლების 56% ამბობს, რომ არ აიცრებოდა, 31% კი. 35-54 წლის მოქალაქეებიდან აიცრებოდა მხოლოდ 34%, 47% არა. 55+ მოქალაქეებიდან კი – აცრისთვის მზაობას 40% გამოხატავს, 47% კი – არ აიცრებოდა.
კითხვაზე, თუ რატომ არ აიცრებოდნენ, 47% ამბობს, რომ ვაქცინის ხარისხს არ ენდობა; 20% ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზეზით ვერ აიცრებოდა; 13% ფიქრობს, რომ ვირუსს ვაქცინის გარეშეც გაუმკლავდება; 7%-ის მოსაზრებით, ვაქცინაციას სინამდვილეში სხვა მიზნები აქვს; 2% კი – ზოგადად ვაქცინების წინააღმდეგია.
რესპონდენტების მხოლოდ 42%-მა იცის, თუ როგორ დარეგისტრირდეს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე; 56%-მა არა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია უფრო თბილისის მკვიდრებს აქვთ. გამოკითხული თბილისელების 61%-მა იცის, როგორ დარეგისტრირდეს, 37%-მა არა. სხვა ქალაქებში ეს მაჩვენებლები 45% და 54%-ია, სოფლად კი – 27% და 71%.
ეროვნული დონის საკითხებში მთავარ გამოწვევებად გამოკითხულები სამუშაო ადგილებს (41%), სიღარიბესა (38%) და ფასების ზრდას (29%) ასახელებენ. 20%, 15%, 13% და 10%-ით მათ ტერიტორიული მთლიანობა, პენსიები, განათლება და ხელფასები მოსდევენ.
საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარ მთავარ გამოწვევად 59% უმუშევრობას ასახელებს, 42% ფასების ზრდას, 19% სიღარიბეს, 17% კი – ლარის გაუფასურებას.
რესპონდენტების 68% ამბობს, რომ პროდუქტების, სურსათის და სერვისების შეძენის უფრო ნაკლები ფინანსური შესაძლებლობა აქვს, ვიდრე კოვიდ-19-ის პანდემიამდე, 2%-ის თქმით უფრო მეტი, 29%-ისთვის კი – არაფერი შეცვლილა
გამოკითხულების 56% ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარ მთავარ გამოწვევად მედიკამენტების საფასურს მიიჩნევს, 25% სამედიცინო მომსახურების საფასურს, 18% კი – კორონავირუსთან დაკავშირებულ პრობლემებს.
მთავარ გამოწვევებს შორის განსხვავება არ ყოფილა მმართველი გუნდისა და სხვა ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებს, ასევე მათ შორის, ვინც კონკრეტული პარტიის დასახელება არ ისურვა.
რაც შეეხება ადგილობრივ საკითხებს, მთავრ პრობლემად გამოკითხულების 30% გზებს, 22% წყლით მომარაგებას, 12% გარემოს დაბინძურებას, 9-9% კი – საგზაო მოძრაობასა და პარკებსა და გამწვანებას ასახელებს.
დედაქალაქში 24% მთავარ პრობლემად საგზაო მოძრაობას ასახელებს, 22% გარემოს დაბინძურებას, 19% გზებს, 14% კი – პარკებსა და გამწვანებას.
სხვა ქალაქებში მთავარ გამოწვევებად გზები (29%), წყლით მომარაგება (14%) და გარემოს დაბინძურება სახელდება. სოფლად – გზები (38%), წყლით მომარაგება (38%) და გაზმომარაგება (13%).
რესპონდენტების 76%-ისთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს, 11%-ისთვის არა, 13%-მა კი – არ იცის. ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უფრო თბილისის მკვიდრები და 18-34 წლის ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები უჭერენ (81-81%).
ქვეყნის ევროატლანტიკურ კავშირში გაწევრიანება გამოკითხულების 74%-ისთვის არის მისაღები, 11%-ისთვის არა, 14%-მა კი – არ იცის. ნატოში ინტეგრაციას მხარს ასევე უფრო თბილისის მკვიდრები (79%) და 18-34 წლის ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები უჭერენ (82%).
წინა, 2020 წლის დეკემბრის კვლევასთან შედარებით, მნიშვნელოვნად, 38%-დან 52%-მდე გაიზარდა იმ რესპონდენტების რაოდენობა, რომლებიც მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებენ. 50%-დან 36% შემცირდა მათი რიცხვი, ვინც ამ უკანასკნელის საქმიანობას დადებითად აფასებს.
2021 წლის თებერვლის კვლევასთან შედარებით, 11%-ით – 47%-მდე გაიზარდა იმ მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც პარლამენტის საქმიანობას უარყოფითად აფასებენ. 14%-დან 10%-მდე შემცირდა მათი რიცხვი, ვინც ამ უკანასკნელის საქმიანობას დადებითად აფასებს. „თბილისი პარლამენტის მიმართ ყველაზე კრიტიკულია“, – ნათქვამია NDI-ის კვლევაში.
კვლევის თანახმად, გამოკითხულების მხოლოდ 24% ფიქრობს, რომ პარლამენტი რეგულარულად ეკონტაქტება მოქალაქეებს. 55% ფიქრობს, რომ პარლამენტი არ იღებს კანონებს მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. 54%-ს არ სჯერა, რომ თუკი პარლამენტის წევრს მისი პრობლემის შესახებ ეტყვის, ის მის გადაჭრას შეეცდება.
გამოკითხულების 45% მიიჩნევს, რომ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში პარტიებმა პარლამენტში სამუშაო ადგილების შესახებ უნდა გაამახვილონ ყურადღება, 41%-ის აზრით – სიღარიბეზე, 33%-ის მოსაზრებით ჯანდაცვაზე, 30%-ის შეფასებით კი – ფასების ზრდაზე. 18% და 12% განათლებასა და პენსიებს ასახელებს.
დედაქალაქის საკრებულოსა და მერის საქმიანობას უარყოფითად აფასებს გამოკითხულების 29% და 25%, დადებითად კი – 26% და 39%. თბილისს მიღმა საკრებულოების საქმიანობას დადებითად მხოლოდ 26% აფასებს, უარყოფითად კი – 29%.
რესპონდენტების 43% ფიქრობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეებს რეგულარულად არ ეკონტაქტება, 41% მიიჩნევს, რომ ის არც მისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს, 38%-ს კი – არ სჯერა, რომ თუკი საკრებულოს წევრს მის დასახლებაში არსებული პრობლემის შესახებ უამბობს, ის მის მოსაგვარებლად ნაბიჯებს გადადგამს.
კითხვაზე – „ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას?“, – 61% ამბობს, რომ კი; 18% ალბათ მიიღებდა მონაწილეობას; 6% ალბათ არ მიიღებდა მონაწილეობას; 10% ნამდვილად არ მიიღებდა მონაწილეობას.
კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის ან არ ასახელებს პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ახლოს დგას. 51% ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს არცერთი პარტია დგას, 10%-მა არ იცის, 9% უარს ამბობს პასუხზე. 18%-ის თქმით, მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს ქართული ოცნება დგას, 6%-ის განცხადებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, სხვა პარტიები ასევე 6%.
„ამ გამოკითხვისა და არჩევნების შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება, რადგან არჩევნების ბედი გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ქცევაზე იქნება დამოკიდებული“, – აცხადებენ NDI-ში.
გამოკითხულების 57% ინფორმაციის მიღების პირველ წყაროდ ტელევიზიას ასახელებს, 35% ინტერნეტს, 3% მეზობელს/მეგობარს, 2% ოჯახის წევრს, 1-1% თანამშრომელს ჟურნალ-გაზეთებსა და რადიოს.