პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: დღევანდელი ხელისუფლება არის ხალხზე ორიენტირებული ხელისუფლება

 საქართველო, 12 აგვისტო, საქინფორმი. ჩვენს ხალხს არ ეშლება არჩევანის გაკეთება. ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა ყოველთვის სწორ არჩევანს აკეთებს. ჩვენმა გუნდმა თქვენ წინაშე ძალიან ბევრი გამოცდა ჩააბარა, ბევრი შეცდომებიც მოგვივიდა, ბევრი ხარვეზი იყო, ყველაფერი გავასწორეთ, კარგად გავიაზრეთ შეცდომები, ხარვეზები და მივდივართ წინ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თეთრიწყაროში, თეთრიწყაროს მერობის კანდიდატის, გიორგი წიკლაურის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი ხელისუფლება არის ჰუმანური და ხალხზე ორიენტირებული ხელისუფლება.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ამომრჩეველს. მადლობა ერთგულებისთვის, თქვენი ურყევი მხარდაჭერისთვის, ღირსეული არჩევნებისთვის. თქვენი მხარდაჭერით, ბოლო შვიდ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“, ჩვენმა გუნდმა, ჩვენმა ოჯახმა, ასე ვიტყოდი, დამაჯერებლად გაიმარჯვა. მოგეხსენებათ, ახლა ვემზადებით თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რომელიც 2 ოქტომბერს გაიმართება და რომელშიც, ასევე თქვენი მხარდაჭერით, ძლიერად და ღირსეულად გავიმარჯვებთ. ქვეყნის წინაშე ძალიან ბევრი გამოწვევა არსებობს და ეს ახლა არ დაწყებულა. დაწყებულია მას შემდეგ, რაც მოვიპოვეთ, აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, 90-იანი წლების დასაწყისიდან დღემდე, არაერთმა ქარტეხილმა გადაიარა ჩვენს თავს, ჩვენს მოსახლეობაზე და ვთქვათ, ყველაზე მეტად ვინ დაზარალდა, ვინ დაზიანდა?! ხალხი, ჩვენი მოსახლეობა. გაუძლო უსამართლობას, ჩაგვრას, სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ, 8-9 წლის წინ ტერორს, ათას უბედურებას. აღარ მინდა ამ ნეგატივზე ვისაუბრო, მაგრამ უნდა გვახსოვდეს წარსული იმისთვის, რომ სწორედ შევაფასოთ აწმყო ანუ დღევანდელობა, ანუ სწორი არჩევანი გავაკეთოთ მომავალზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენს ხალხს არ ეშლება არჩევანის გაკეთება. ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა ყოველთვის სწორ არჩევანს აკეთებს. ჩვენმა გუნდმა თქვენ წინაშე ძალიან ბევრი გამოცდა ჩააბარა. ბევრი შეცდომებიც მოგვივიდა, ბევრი ხარვეზები იყო, ყველაფერი გავასწორეთ, კარგად გავიაზრეთ შეცდომები, ხარვეზები და მივდივართ წინ. რაც მთავარია, უნდა ითქვას, რომ დღევანდელი ხელისუფლება არის ჰუმანური, ხალხზე ორიენტირებული ხელისუფლება”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.