პოლიტიკა
დავით ზალკალიანმა საგარეო საქმეთა სამინისტროს ათწლიანი სამოქმედო გეგმა წარადგინა

 საქართველო, 10 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საზოგადოებას სამინისტროს ათწლიანი სამოქმედო გეგმა „დასავლურ ღირებულებებსა და ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკა: 10 წლის ხედვა – 10 მიზანი“ წარუდგინა.

ღონისძიებას, რომელიც საქართველოს მთავრობის მეთაურმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა, ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლისას, დავით ზალკალიანმა ვრცლად ისაუბრა საგარეო პოლიტიკის მნიშვნელობაზე ქვეყნის განვითარებისა და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის და ამ მიმართულებით სწორად გათვლილი, მკაფიო მიზნებისა და ამოცანების დასახვის აუცილებლობაზე.

„ჩვენი საქმიანობისთვის განმსაზღვრელია მთავარი მიზანი – საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ასევე ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი, რომელიც დაფიქსირებულია საქართველოს კონსტიტუციაში – ევროკავშირსა და ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება“, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, უწყების ისტორიაში პირველად შეიქმნა 10-წლიანი გეგმა, რომელშიც განისაზღვრა, სად უნდა იყოს საქართველო 10 წლის შემდეგ როგორც ქვეყნის აღმშენებლობის, ასევე საერთაშორისო არენაზე პოზიციონირების კუთხით.

10-წლიანი გეგმის 10 მთავარ მიზნად განსაზღვრულია: 2030 წლისათვის ქვეყნის დეოკუპაციის პროცესი უნდა იყოს დაწყებული და მისი მიმდინარეობა შეუქცევადი. ხელშესახები პროგრესი უნდა იქნეს მიღწეული საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით;

– 2024 წელს უნდა განხორციელდეს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის შეტანა, ხოლო შემდგომ, 2030 წლამდე, წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება, გაწევრიანებაზე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა ევროკავშირის კანონმდებლობის საქართველოს კანონმდებლობაში გადმოტანის მიმართულებით;

– უნდა განხორციელდეს ალიანსთან ერთად შემუშავებული გეგმის მიხედვით საქართველოს ნატო-ში საბოლოო გაწევრიანების უზრუნველყოფა;

– უნდა განხორციელდეს მეგობარ სახელმწიფოებთან არსებული მაღალი დონის ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიულ ფორმატებზე აყვანა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის ფუნქციის წარმოჩენას დასავლელი პარტნიორებთან და ხელს შეუწყობს მათი მხრიდან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პროცესის ლობირებას;

– 10 წლის მანძილზე აშშ-საქართველოს შორის არსებული მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის საფუძველზე უნდა ჩამოყალიბდეს ქვეყნებს შორის ყოვლისმომცველი ალიანსი – სამოკავშირეო ურთიერთობები გაძლიერებული სამხედრო-პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური კომპონენტებით;

– დაბალანსებულ, პარტნიორულ ურთიერთობებზე ორიენტირებული და ურთიერთსასარგებლო რეგიონული პოლიტიკის გატარებით, სამხრეთ კავკასია უნდა ჩამოყალიბდეს თანამშრომლობის, კეთილმეზობლობისა და დინამიური განვითარების სივრცედ;

– აუცილებელია რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობების ნორმალიზაციის შესაძლებლობის გაჩენა დეოკუპაციისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დაცვითა და კონფლიქტის დარეგულირების რეალური პროცესის დაწყებით;

– მოხდება ევროკავშირთან დაკავშირებადობის დიალოგის დაწყება და შედეგად, 10 წლის შემდეგ, ამ კუთხით რეგიონში საქართველოს ლიდერად ქცევა, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დამაკავშირებელი ფუნქციით;

– აქტიური ეკონომიკური დიპლომატიის გზით საინვესტიციო შესაძლებლობების და უცხოური ინვესტიციების ზრდა, ეროვნული, რეგიონალური და საერთაშორისო სატრანსპორტო, ენერგეტიკული და საინვესტიციო პროექტების ეფექტიანი რეალიზება; ქართული პროდუქციისთვის პრეფერენციული საექსპორტო პირობებისა და დივერსიფიცირებული საექსპორტო ბაზრების უზრუნველყოფა;

– 2030 წლისათვის საქართველოს უნდა ჰყავდეს ძლიერი დიასპორა, ძლიერი ქართული კულტურულ- საგანმანათლებლო კერებით საზღვარგარეთ“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.