საქართველო, 9 აგვისტო, საქინფორმი. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს შეუძლიათ, ერთ-ერთი რესპუბლიკის ტერიტორიაზე ერთობლივი სამხედრო წვრთნები ჩაატარონ, - ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, ეს საკითხი „ორი ქვეყნის“ დელეგაციებმა ცხინვალში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.
„განვიხილეთ ჩვენს სტრუქტურებს შორის ერთობლივი ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობა და რადგან ჩვენ გვაქვს შეთანხმება სამხედრო თანამშრომლობის შესახებ, რატომ არ უნდა ჩატარდეს ერთობლივი სამხედრო წვრთნები, ჩვენი მეზობლები ხომ მათ რეგულარულად ატარებენ. გარკვეული მომზადების შემდეგ შესაძლებელია ამ სწავლების ჩატარება აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე”, - აღნიშნა ბიბილოვმა.
თავის მხრივ, ასლან ბჟანიამ დასძინა, რომ მხარეებმა ასევე განიხილეს “ორი სახელმწიფოს“ უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები, რათა განხორციელდეს ძალისხმევის კოორდინირება მოსალოდნელი საფრთხეების განეიტრალების თვალსაზრისით.
“სამწუხაროდ, სამყარო არ გამხდარა უფრო ჰუმანური და ჩვენ გვჭირდება გამოცდილებისა და ინფორმაციის გაზიარება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვხვდებით მსგავს პრობლემებს მრავალი თვალსაზრისით და მიდგომების ერთიანობა არის რეალური შანსი ამ საკითხების გადასაჭრელად. ორი ხმა ყოველთვის უკეთესია, ვიდრე ერთი. მით უფრო, რომ ამ ბოლო დროს საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ცოტა რამ შეიცვალა ჩვენს სასარგებლოდ”, - განაცხადა ბჟანიამ.
interpressnews.ge