საქართველო, 5 აგვისტო, საქინფორმი. მომდევნო კვირებში საქართველოში ტემპერატურის მკვეთრი მატებაა მოსალოდნელი, რის გამოც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ნათქვამია უწყების Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
მაღალი ტემპერატურის ფონზე იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი.
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
უწყება მოქალაქეებს თხოვნით მიმართავს, არ დაანაგვიანონ გარემო ადვილად აალებადი საყოფაცხოვრებო ნარჩენებით. დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს.