საქართველო, 3 აგვისტო, საქინფორმი. პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე 91 მომხრე ხმით არც ერთის წინააღმდეგ დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ მომზადებული რეზოლუცია დაამტკიცა.
რეზოლუციის პროექტის ინიციატორები იყვნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე და საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე. დოკუმენტი პოლიტიკური პარტიების ჩართულობით, ერთობლივად მომზადდა.
რეზოლუცია ადასტურებს, რომ საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცება და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება საქართველოს უპირველესი პრიორიტეტია.
ამასთანავე, რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების − აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის − ოკუპაციას და მათი ანექსიისკენ მიმართულ ნაბიჯებს, მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, მოახდინოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაცია, გააუქმოს მათი ე. წ. დამოუკიდებლობის უკანონო აღიარება, შეწყვიტოს ეთნიკურ ნიადაგზე ძალადობა და დანაშაულების ჩადენა და კონსტრუქციულად ჩაერთოს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში.
რეზოლუცია დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, განავითაროს დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საერთო ეროვნული ხედვა და ინკლუზიური და ყოვლისმომცველი პოლიტიკა.
რეზოლუციით საქართველოს პარლამენტი მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას, დაიკავოს თანამიმდევრული, ერთიანი და გადამწყვეტი პოზიცია რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციისა და ანექსიის პოლიტიკის საწინააღმდეგოდ და გამოხატავს მზადყოფნას, გააგრძელოს ინტენსიური და მჭიდრო თანამშრომლობა საერთაშორისო საკანონმდებლო ორგანოებსა და საპარლამენტო ასამბლეებთან ამ მიმართულებით.