შპს „საქართველოს რკინიგზამ“ დანიური საკონსულტაციო კომპანია „COWI“ დაიქირავა, რათა თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობის შედეგად გამოთავისუფლებული 83 ჰექტარი ტერიტორიის შესწავლა დაიწყოს.
გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კომპლექსები, საოფისე ფართები, სკვერები და გასართობი ობიექტები მოეწყობა. კომპანიების – „Locum“ და „Colliers CRE“ – მიერ ჩატარებული წინასწარი ანალიზის მიხედვით, ამ ტერიტორიას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს თბილისისთვის. მისი განვითარების სტრატეგიის განსაზღვრა მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს მის საერთაშორისო მნიშვნელობაზე. პროექტი თბილისის გრძელვადიანი განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა. ქალაქის ცენტრალური მონაკვეთის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სწორი ბალანსის დაცვა კომერციულ, გასართობ და საცხოვრებელ უძრავ ქონებას შორის. როგორც ექსპერტები აცხადებენ, განხორციელების შემთხვევაში, ყოველივე ზემოაღნიშნულს საერთაშორისო მასშტაბების მნიშვნელობა ექნება.
გამოთავისუფლებული ტერიტორიის დაგეგმარებისა და ქალაქთან შერწყმის პროექტზე ფრანგული კომპანია „Apur“ მუშაობს. ეს სწორედ ის კომპანიაა, რომელმაც პარიზში მსგავსი პროექტი საკმაოდ წარმატებულად განახორციელა და საფრანგეთის დედაქალაქს ულამაზესი უბანი დაუგეგმარა, სადაც მდებარეობს პარიზის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობად ქცეული წიგნების ფორმის ცნობილი ეროვნული ბიბლიოთეკა.