სამართალი
ოცნების დეპუტატი აშშ-ის ყოფილ ელჩს „ქვეყნის შიდა საქმეებში“ ჩარევისთვის აკრიტიკებს

 საქართველო, 21 ივლისი, საქინფორმი. “ქართული ოცნების” დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა საქართველოში აშშ-ის ყოფილ ელჩს, უილიამ კორტნის მოუწოდა „მოერიდოს ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ფორმით ჩარევას“.

დეპუტატის 17 ივლისის გამოხმაურება უილიამ კორტნის განცხადებას მოჰყვა, სადაც მან შსს ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზად ნარკოტიკებით ზედოზირების ვერსიის გაჟღერების გამო გააკრიტიკა და თქვა, რომ „მსგავსი სახის დეზინფორმაციას ავტოკრატიულ სახელმწიფოებში ავრცელებენ, მაგრამ არა დემოკრატიულ საქართველოში“.

რატი იონათამიშვილმა აშშ-ის ყოფილი ელჩი „უპასუხისმგებლო“ განცხადების გამოც გააკრიტიკა და თქვა, რომ „ეს ღრმა შეშფოთებას იმსახურებს“.

„ყოფილ ელჩს ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა იმ ქვეყნის მიმართ, სადაც ის წარსულში მსახურობდა. მას ეკისრება პასუხისმგებლობა, რაიმე მოვლენაზე მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთებამდე, მოიძიოს ყველა ინფორმაცია ამ მოვლენის შესახებ“, – განაცხადა მანვე.

უილიამ კორტნი საქართველოში ელჩის რანგში 1995-1997 წლებში მსახურობდა. იგი ამერიკული არაკომერციული ორგანიზაცია Rand Corporation-ის უფროსი მკვლევარია.

ალექსანდრე ლაშქარავა 5 ივლისს ლგბტ თემის უფლებადამცველი ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ მიერ დაანონსებული „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების მხრიდან მასზე ჰომოფობიურ ნიადაგზე ძალადობიდან 6 დღეში, 11 ივლისს გარდაიცვალა.