საქართველო, 20 ივლისი, საქინფორმი. ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამი ასოცირებული ქვეყნის - საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის პრეზიდენტებმა პეტრას ციხეზე ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი ასოცირებული ქვეყნის პრეზიდენტების დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ სამ ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი აერთიანებს.
,,ევროპულ ინტეგრაციას, ჩვენი ქვეყნებისთვის ალტერნატივა არ გააჩნია და ამ სუვერენულ არჩევანზე ვერცერთი მესამე მხარე გავლენას ვერ მოახდენს. ევროკავშირთან ურთიერთობაში ჩვენ უკვე მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს.
ჩვენ ზურგს გვიმაგრებს ჩვენი ხალხების ძლიერი სურვილი გავხდეთ ევროპული ოჯახის ნაწილი და ერთად ვართ ჩვენს მისწრაფებაში ვიმუშაოთ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროპული პერსპექტივის აღიარებისთვის, რომელიც ევროკავშირში ჩვენი სამი ქვეყნის მომავალ წევრობას გაუხსნის გზას“, - აღნიშნულია დეკლარაციაში.
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დეკლარაციით ასოცირებული ტრიო კისრულობს ვალდებულებას, ერთმანეთს დაუჭიროს მხარი და გააძლიეროს ერთმანეთი.
"ასოცირება არ უნდა იყოს მხოლოდ სიტყვა, მას ახალი მნიშვნელობა უნდა გააჩნდეს, უნდა გაითვალისწინოს ჩვენი სამი ქვეყნის ლიდერთა გონების, საერთო განწყობის და მიდგომების, დემოკრატიული მმართველობის, ძლიერი საზოგადოების მშენებლობის საერთო მიდგომების ნიშანი, რათა განვითარდეს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკა, ერთობლივი პროექტებით და საერთო მიდგომები არსებობდეს კონფლიქტების და ოკუპაციის დასაძლევად. ახალი მნიშვნელობის მქონე ასოცირება უნდა გაჩნდეს, იმდენად რამდენადაც ჩვენ ვიკისრეთ ვალდებულება, რომ გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ რეფორმები, ადაპტაცია ევროკავშირის კანონდებლობასთან, გავაძლიეროთ ჩვენი სამართლის უზენაესობა და პრინციპები. ასევე ვკისრულობთ ვალდებულებას, ერთმანეთს დავუჭიროთ მხარი, გავაძლიეროთ ერთმანეთი",- განაცხადა პრეზიდენტმა.