სამართალი
სააკაშვილი არ აპირებს ებრაელი ბიზნესმენების შეწყალებას

ebraeliპრეზიდენტი სააკაშვილი არ აპირებს ქრთამის შეთავაზების ბრალდებით დაპატიმრებული ორი ებრაელი ბიზნესმენის შეწყალებას, იტყობინებოდა გაზეთი „24 საათი“ 12 მაისს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან „სარწმუნო წყაროზე“ დაყრდნობით.

აპრილის ბოლოს ისრაელის ორი მოქალაქის – რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკიელის ოჯახებმა პრეზიდენტ სააკაშვილს მათი შეწყალების თხოვნით მიმართეს.

„საქართველოს პრეზიდენტი არ აპირებს, შეიწყალოს ქვეყნისთვის ზიანის მომტანი კორუფციული დანაშაულისთვის გასამართლებულნი. იმავე წყაროს ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი თავის გადაწყვეტილებაში კატეგორიულია და არ აპირებს პოზიციის შეცვლას, რადგანაც საქმე ეხება მძიმე დანაშაულს“, – წერს „24 საათი“.

როგორც საქინფორმი იტყობინებოდა, 1 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ ისრაელის მოქალაქეები რონი ფუქსი და ზეევ ფრენკიელი დამნაშავედ ცნო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილისთვის ქრთამის შეთავაზებაში. ორივე მათგანი ბრალდებებს უარყოფს. ფუქსს – შვიდწლიანი, ხოლო ფრენკიელს 6 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯათ.