საქართველო, 7 ივლისი, საქინფორმი. პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე ვითარება დაიძაბა.
„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები მდუმარე აქციის მონაწილეების მხარეს, პარლამენტთან გადანაცვლებას ცდილობდნენ.
ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული და ცოცხალი ჯაჭვით ცდილობდა სიტუაციის განეიტრალებას.
რუსთაველის გამზირზე ორი ურთიერთსაპირისპირო აქცია მიმდინარეობდა. აქციაზე იმყოფებოდნენ ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათი თქმით, აქციის მიზანი 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე განვითარებული ძალადობრივი მოვლენებისგან გამიჯვნაა. აქციას შეუერთდნენ „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლები, რომელთაც წინა დღეს „ღირსების მარში“ ვერ გამართეს. ამასთან, რუსთაველის გამზირზე, ქაშვეთის ეკლესიასთან აქციას მართავდნენ გურამ ფალავანდიშვილი, მისი მხარდამჭერები და „თბილისი პრაიდის“ სხვა მოწინააღმდეგეები.