საზოგადოება
„ქართული პარტია“ აშშ-ის კრიტიკას განაგრძობს

erosi5ოპოზიციურმა ქართულმა პარტიამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ 16 მაისს თბილისში აშშ-ის საელჩოს წინ აქციას გამართავს, რათა „ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდან სააკაშვილის რეჟიმის მხარდაჭერა“ გააპროტესტოს.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ რუსეთმა წაგვართვა ტერიტორიები, ხოლო აშშ-ის ადმინისტრაცია გვართმევს თავისუფლებას, სუვერენული არჩევანის თავისუფლებას შიდა და სხვა პოლიტიკურ საკითხებში“, – განაცხადა ქართული პარტიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ეროსი კიწმარიშვილმა 11 მაისს, რითაც იგი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის – ირაკლი ოქრუაშვილის, მიერ გაკეთებულ განცხადებას.

„არანაირი სურვილი არ მაქვს არც მე და არც ქართული პარტიის ლიდერებს და, მე მგონი, ქართველ ხალხს, რომ ე.წ. ცეკას ინსტრუქტორები შეიცვალონ სახელმწიფო დეპარტამენტის ინსტრუქტორებით“, – განაცხადა კიწმარიშვილმა.

მან ეს განცხადება პრესკონფერენციაზე გააკეთა, რომელიც მას შემდეგ იქნა მოწვეული, რაც რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ „ქართული პარტია“ დაგეგმილი საპროტესტო აქციისა და ირაკლი ოქრუაშვილის იმ განცხადების გამო გააკრიტიკა, რომელშიც მან აშშ-ის საელჩოს ის ადგილი უწოდა, საიდანაც „მოდის ის ნიაღვარი, რომლითაც ქართული საზოგადოება იწამლება“.

რესპუბლიკური პარტიის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ ამგვარი განცხადება არა საქართველოს ხელისუფლების, არამედ მთლიანად საქართველოს წინააღმდეგაა მიმართული.

„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, დეპუტატმა გიორგი თარგამაძემ ოქრუაშვილის განცხადებას მიუღებელი უწოდა და განაცხადა, რომ ამგვარი პოზიცია მხოლოდ ხელისუფლების პოზიციის გაძლიერებას შეუწყობს ხელს და, მეორე მხრივ, ისეთი ვითარების შექმნას დაეხმარება, რომლითაც შესაძლოა, რუსეთმა ისარგებლოს.

პრესკონფერენციაზე საუბრისას კიწმარიშვილმა განაცხადა, რომ მან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის შენიშვნები მოისმინა ოქრუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით. „თუ ვინმეს სურს, იცოდეს, რას ფიქრობს ხალხი, წავიდეს და შეხვდეს ხალხს... და ჰკითხოს, რას ფიქრობს ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდან სააკაშვილის რეჟიმის მხარდაჭერაზე“, – განაცხადა მან.

„ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო და, შესაბამისად, მოვითხოვთ, რომ არცერთი ქვეყნის მხრიდან არ მოხდეს ჩვენს შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევა“, – განაცხადა მან.

კიწმარიშვილმა, ასევე, განაცხადა, რომ, მართალია, საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს თავის დემოკრატიულ ვალდებულებებს, მათ შორის, აშშ-საქართველოს სტრატეგიული ქარტიით აღებულს, და „მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესი და მოსახლეობა არის ტერორის ქვეშ, ამერიკის ადმინისტრაცია კვლავ აგრძელებს სააკაშვილის რეჟიმის ფინანსურ მხარდაჭერას“.

„ამ თემებთან დაკავშირებით, ქართველი ხალხის პოზიციის გამოსახატავად 16 მაისს აქციის გამართვა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კიწმარიშვილმა.

აშშ-ის საელჩოს წინ საპროტესტო აქციები საქართველოში იშვიათად ტარდება, თუმცა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც ოპოზიციამ ამგვარი მიტინგები გამართა „აშშ-ის მიერ სააკაშვილის რეჟიმის მხარდაჭერის“ წინააღმდეგ. ერთ-ერთი ასეთი აქცია ხალხის პარტიამ 2008 წლის იანვარში, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, გამართა, ხოლო მეორე აქცია ოპოზიციური პარტიების ჯგუფმა 2008 წლის მარტში, პრეზიდენტ სააკაშვილისა და აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის – ჯორჯ ბუშის, შეხვედრის წინ მოაწყო.

2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბევრი ოპოზიციური პოლიტიკოსი კრიტიკას გამოთქვამდა ბუშის ადმინისტრაციის მიმართ იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი „სააკაშვილს გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციაში დაეხმარა“. მეთიუ ბრაიზა, რომელიც იმ დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე იყო, ხოლო ამჟამად აშშ-ის ელჩია აზერბაიჯანში, კრიტიკის ხშირი სამიზნე იყო.

თუმცა მას შემდეგ ოპოზიციის რიტორიკა შეიცვალა და ბევრი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაცია ზეწოლას ახდენს საქართველოს ხელისუფლებაზე დემოკრატიულ რეფორმებთან დაკავშირებით. ბევრი ოპოზიციონერი აშშ-ის ელჩს საქართველოში ჯონ ბასს იმის გამოც აქებს, რომ ის „ადეკვატურად აფასებს“ დემოკრატიული რეფორმების კუთხით არსებულ პრობლემებს.