პუბლიკაციები
კაცობრიობის ბედის გადამწყვეტი გამარჯვება

bondoსაბრძოლო დიდების ქალაქ ვლადიკავკაზში გამართულმა მეორე საერთაშორისო რეგიონულმა კონფერენციამ „ერთობით მიღწეული დიადი გამარჯვება: კავკასია დიდი სამამულო ომის წლებში“ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ასეთი შეხვედრების აუცილებლობა. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საერთაშორისო კავშირების განვითარების ხელშემწყობი არაკომერციული პარტნიორობა „კავკასიური თანამშრომლობისა“ და „ჰუმანიტარული თანამშრომლობის ცენტრის“ ორგანიზებულ პირველ კონფერენციას ტუაფსემ უმასპინძლა. ახლა კი, ერთი წლის შემდეგ, ვეტერანები დიდი სითბოთი და სიხარულით ხვდებოდნენ ერთმანეთს ვლადიკავკაზში და სიყვარულით გარემოსილნი საკუთარ ასაკს „მუშტს უღერებდნენ“...

ჩემთვის, მათი შვილიშვილის კბილა ადამიანისთვის, საოცარი სანახავი იყო, როგორი მზრუნველობით მოიკითხავდნენ ერთმანეთს ორდენებისა და მედლების სიმძიმისგან წელში მოხრილი მოხუცები; როგორ ცდილობდნენ, ასაკი არ დასტყობოდათ და როგორ ცდილობდნენ, წელში გამართულები მისულიყვნენ დიდების მემორიალის გვირგვინებით შესამკობად, დიდების ხეივანში დაკრძალულ მხედართმთავართა თუ სახელმწიფო მოღვაწეთა საფლავებისთვის პატივის მისაგებად, როგორ მოწიწებით აწყობდნენ ყვავილებს...

ორი დღე, რომელიც ვლადიკავკაზში მათთან ერთად გავატარე, ჩემთვის წარსულში მოგზაურობა იყო, იმ წარსულში, რომელიც თვალწინ გაგვიცოცხლეს აქაურმა ახალგაზრდებმა – საველე სამზარეულოთი, ფრონტული სიმღერებით, დაჭრილთან მჯდომი მზრუნველი მედდითა და დატყვევებული „ფაშისტით“... ვუყურებდი ოსი მასპინძლების მზრუნველობით გარემოსილი ვეტერანები როგორ ივიწყებდნენ საკუთარ ასაკს და მიხაროდა... მიხაროდა, რომ ეს ხანმოთეული ადამიანები, რომლებმაც სამამულო ომის მთელი სიმძიმე ზიდეს, ჩვენი თანამედროვენი არიან. თან მრცხვენოდა, რომ ჩემს სამშობლოში დიდების მემორიალი ააფეთქეს, დიადი გამარჯვების მთავარი გმირის – სტალინის ძეგლი მის მშობლიურ ქალაქ გორში ჩუმად, ქურდულად მოხსნეს და კაცმა რა იცის, სად გადამალეს...

ეს ამბები იმათაც იციან, მაგრამ მინიშნებითაც კი არაფერი უთქვამთ. პირიქით, ქართული დელეგაციის თითოეულ წევრს – საქართველოს ეროვნული და სოციალური ურთიერთობების აკადემიის ვიცეპრეზიდენტს, რუსეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ალექსანდრე ჭაჭიას (დელეგაციის ხელმძღვანელი), „ევრაზიის ინსტიტუტის“ დირექტორ გულბაათ რცხილაძეს, საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ რედაქტორ არნო ხიდირბეგიშვილს, არასამთავრობო ორგანიზაციის „ისტორიული მემკვიდრეობა“ თავმჯდომარე ტარიელ გაგნიძესა და ამ სტრიქონების ავტორს კონფერენციის სტუმრებიცა და მასპინძლებიც განსაკუთრებული ყურადღებით გვეპყრობოდნენ, თითქოს აქეთ გვამშვიდებდნენ...

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სერგეი ჩებოტარევმა ქართული დელეგაციის წევრებს საგანგებოდ გვიჩვენა დიდების მემორიალური კომპლექსის ტერიტორიაზე საპატიო ადგილას აღმართული სტალინის ძეგლი და მის მიმართ გამოთქმული ცნობილ მოღვაწეთა ქვაზე ამოტვიფრული ფრაზები.

ვლადიკავკაზის დიდების მემორიალის გარდა, ყვავილებით შევამკეთ ქალაქის დამცველთა მემორიალური კომპლექსი, საბრძოლო დიდების ქალაქის სტელა, პეტრე ბარბაშოვისა და ძმებ გაძანოვების ძეგლები... სულ ვლადიკავკაზში ქალაქის დამცველთა ხსოვნის უკვდავსაყოფად 300-ზე მეტი ძეგლია აღმართული. როცა დიდ სამამულო ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი ასეთი დიდი ყურადღებისა და პატივისცემის გამო მოწონება გამოვხატე, ვლადიკავკაზის მერის მოადგილემ გიორგი კალაევმა მიპასუხა – ბუნებრივიცაა, მათი გმირობა და თავდადება მეტსაც იმსახურებსო. ეს იმდენად ალალად წარმოთქვა, მის გულწრფელობაში ეჭვიც არ შემპარვია.

ვლადიკავკაზში მხოლოდ დაღუპულებს კი არა, მათ გვერდით მყოფ ვეტერანებსაც დიდი პატივისცემით ეპყრობიან. კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ვლადიკავკაზის მერმა სერგეი ძანტიევმა ჯერ ერთობით მიღწეულ დიად გამარჯვებაში ყველა მებრძოლის შეტანილი შეუფასებელი წვლილის შესახებ ისაუბრა, შემდეგ კი საზოგადოებას გააცნო ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის – ალანიის მეთაურის, თეიმურაზ მამსუროვის წინადადება, რომელიც ქალაქის ადმინისტრაციამ მოწონებით მიიღო: ვლადიკავკაზის განახლებულ სტადიონს – „შახარს“ დიდი სამამულო ომის გმირის, ვიქტორ კონიაევის სახელი მიენიჭა, რომელსაც მერმა იქვე გადასცა შესაბამისი გადაწყვეტილება და საჩუქრები. არავინ იცოდა, რა იდო კოლოფში, ვიქტორ კონიაევს კი შესანიშნავი იუმორის გრძნობა ჰქონია. შესვენებისას გარეთ გამოსულმა იხუმრა, ახლა უკვე სპორტული ფორმაც მაქვს, ხვალ ფეხბურთის სათამაშოდ წავალო, რაზეც მისმა ვეტერანმა მეგობრებმა ხუმრობითვე უპასუხეს: მხოლოდ ფორმა კი არა, მთელი სტადიონი გაქვსო... უხაროდათ მის მეგობრებს, რომ სიცოცხლეშივე ასე დააფასეს მათი დამსახურებული თანამებრძოლი.

კონფერენცია კი, ბუნებრივია, მხოლოდ საზეიმო ღონისძიებებით არ შემოიფარგლებოდა. ვეტერანებსა და მოწვეულ სტუმრებს გააცნეს ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის – ალანიის მეთაურის, თეიმურაზ მამსუროვისა და ღონისძიების ორგანიზატორის, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი ნარიშკინის მიმართვები, რომლებშიც დიდი სამამულო ომის ვეტერანების მიმართ ღრმა პატივისცემაა გამოხატული.

ვეტერანებს, ისტორიკოსებს, პოლიტოლოგებს, სახელმწიფო მოხელეებსა და საზოგადო მოღვაწეებს, მაძიებელთა მოძრაობის მონაწილეთ როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთ კავკასიიდან, ამ ერთი წლის მანძილზე სათქმელიც ბევრი დაუგროვდათ და გამომსვლელებიც მოზომილი ემოციით საუბრობდნენ. თუმცა ღონისძიების წამყვანს, „კავკასიური თანამშრომლობის“ ხელმძღვანელს, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატს – ნიკოლაი სილაევს რეგლამენტის შეხსენებაც ხშირად სჭირდებოდა.

არადა, როგორი საქმეა, მოკლედ და კონკრეტულად ილაპარაკო იმაზე, თუ როგორ მოიპოვა გამარჯვება სსრ კავშირის ყველა ხალხმა ერთიანობითა და მეგობრობით, რა ისტორიულ მაგალითს იძლევა ეს გამარჯვება ექსტრემიზმთან და ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში კონსოლიდაციისთვის, როგორ ერთსულოვნებას იჩენდნენ კავკასიის ხალხები, რა მნიშვნელობა აქვს დიადი გამარჯვების ხსოვნის მოფრთხილებასა და დაცვას, როგორც კავკასიის ხალხთა გამაერთიანებელ ფაქტორს...

მხოლოდ წარსულზე კი არა, სამომავლო პერსპექტივაზეც ვრცლად ისაუბრეს გამომსვლელებმა – კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვის აუცილებლობაზე და კავკასიურ ერთობაზეც საგანგებოდ იმსჯელეს; ხაზგასმით აღნიშნეს პატრიოტიზმის აღორძინების აუცილებლობის შესახებაც, რის მაგალითადაც კავკასიის დამცველთა მასობრივი გმირობა და ვაჟკაცობა მოიყვანეს; სამოქალაქო იდენტობაზეც გაამახვილეს ყურადღება.

ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ალექსანდრე ჭაჭიამ თავისი გამოსვლა დაიწყო იმ „მსოფლიო მასშტაბისა და  მნიშვნელობის უმაგალითო გმირობის“ აღნიშვნით, რომელიც ჩვენმა მამა-პაპებმა ჩაიდინეს.

„პოლონეთი გერმანელებმა 27 დღეში დაიპყრეს, საფრანგეთი – 39 დღეში, ნორვეგია – 23 დღეში, საბერძნეთი – 21 დღეში, ჰოლანდია – 5 დღეში, დანია – 24 საათში. ასეთი ტემპების შემყურე ამერიკელი ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ სსრკ 3 თვესაც ვერ გაუძლებდა. ბრიტანეთის გენშტაბის უფროსს – დილს მაქსიმალურ ვადად 6 კვირა მიაჩნდა, ინგლისის დაზვერვა კი ჩერჩილს მოახსენებდა, რომ საბჭოეთი 10 დღეზე მეტს ვერ გაუძლებდა. ევროპელთა წინააღმდეგობის შემყურეთ სხვა ვარაუდი ვერც ექნებოდათ. ყველა ამ ქვეყანაში თავი იჩინა „მეხუთე კოლონამ“, რომელიც დაუყოვნებლივ აცხადებდა პრეტენზიას ხელისუფლებაზე, ქვეყნის ხელმძღვანელობა კი სარდლებთან ერთად უკანმოუხედავად გარბოდა და თავიანთ ხალხებს ბედის ანაბარა ტოვებდა. საბჭოთა კავშირში ასეთი რამ არ მომხდარა, ქვეყნის ხელმძღვანელობა მზად იყო, ებრძოლა და სიცოცხლე გაეწირა თავის ხალხთან ერთად, ჩვენი მამა-პაპანი კი, შეკრულნი ძმობისა და მეგობრობის კავშირით, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდნენ და მონებად მათი ქცევის განზრახვა გაუცუდეს დამპყრობლებს, – განაცხადა ალექსანდრე ჭაჭიამ. – მრავალი წელი გავიდა მას შემდეგ, ათწლეულები მიილია, მაგრამ დრომ ვერ წაშალა ჩვენი ხსოვიდან იმ გმირული წლების მოვლენები, ვერ წაშალა იმიტომ, რომ ცოტა ოჯახია ისეთი, რომელთა ბედს არ შეეხო ის ომი და ცოტა თუა ადამიანი, ვინც არ ამაყობს თავისი წინაპრებიდან ვინმეს მონაწილეობით იმ ომში. ჩვენი წინაპრები ერთიან, მრავალეროვნულ ხალხად გაერთიანდნენ და უმოკლეს ისტორიულ პერიოდში შეძლეს მძლავრი ინდუსტრიული სახელმწიფოს შექმნა, რომელმაც გაანადგურა ისტორიაში არნახული, მძლავრი და აგრესიული ევროპული შემოსევა, კოლოსალური სამხედრო ძალა, მთელი ევროპის სამხედრო-სამრეწველო პოტენციალს რომ ეფუძნებოდა...“

ალექსანდრე ჭაჭიამ ისაუბრა იმის შესახებაც, რომ ჰიტლერისა და მისი თანამოაზრეების მაშინდელი მარცხის შემდეგ მათი იდეების ხორცშესხმა უკვე 80-იანი წლების ბოლოს დაიწყო საბჭოთა კავშირის დაშლის დაუფარავი, ინტენსიური პროცესით, რისკენაც იყო მიმართული მძლავრი დესტრუქციული საინფორმაციო-პროპაგანდისტული დარტყმები, მიმართული, „უწინარეს ყოვლისა, ისტორიული მეხსიერების, წარსულის გამო სიამაყის გრძნობის მოსპობისკენ, უფროსი თაობის დისკრედიტაციისკენ...“; პროპაგანდისტული დარტყმების მეორე მიმართულება კი, პროფესორის თქმით, ხალხების გახლეჩას ისახავდა მიზნად: „ხალხებს მტრის ხატებად სახავდნენ და ერთმანეთს აძულებდნენ, რის შედეგადაც ერთიანი სახელმწიფო დაიშალა, მივიღეთ სეპარატიზმის საყოველთაო ესკალაცია, სისხლიანი ერთაშორის კონფლიქტები, ათეულ ათასობით დაღუპული თანამოქალაქე“.

„ვფიქრობ, რომ ამას გამიზნულად აკეთებენ. მრავალწლიანი აღვირახსნილი პროპაგანდის მიუხედავად, მათ ვერ შეძლეს ჩვენი ხალხების მეხსიერებიდან ამოეშანთათ მამა-პაპათა ხსოვნა, ვერ შეძლეს ხალხების ურთიერთდაპირისპირება, – აღნიშნა ალექსანდრე ჭაჭიამ. – პოსტსაბჭოთა სივრცე დასახლებულია ძირითადად პატრიარქალური, ტრადიციული ხალხებით. ჩვენი დარწმუნება წინაპრების არარაობაში, მამა-პაპათა მიმართ სიძულვილის ჩვენში გაღვივება წარმოუდგენელია. აქედან გამომდინარეობს ახალი რეინტეგრაციული პროცესების შესაძლებლობა პოსტსაბჭოთა სივრცეში, შესაძლებლობა ერების ახალი თანამეგობრობის ფორმირების, რომელიც თავისი სიძლიერითა და პოტენციური მუხტით შეძლებს, საფუძვლიანად შეცვალოს ძალთა განლაგება მსოფლიოში“.

შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მრავალ გამომსვლელს შორის ბატონი ალექსანდრე ჭაჭიას გამოსვლა გამოირჩეოდა თემის აქტუალობითა და გლობალურობით არამხოლოდ ისტორიულ, არამედ, და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, მომავლის პერსპექტივის სწორად განსაზღვრის თვალსაზრისით.

ქართული დელეგაციის კიდევ ორი წევრის – საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ მთავარი რედაქტორის, არნო ხიდირბეგიშვილისა და „ევრაზიის ინსტიტუტის“ დირექტორის, გულბაათ რცხილაძის გამოსვლებიც დიდი ინტერესით მოისმინეს კონფერენციის მონაწილეებმა.

კონფერენციაზე მიიღეს შემაჯამებელი განცხადება, რომელშიც ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ გერმანულ ფაშიზმზე გამარჯვებამ კაცობრიობის ბედი გადაწყვიტა და ამ გამარჯვების წყალობით დემოკრატიისა და თავისუფლების ღირებულებები მთელი პლანეტის მასშტაბით დამკვიდრდა, მსოფლიოს მრავალ ხალხს მიეცა მშვიდობიანად განვითარების შესაძლებლობა.

ვლადიკავკაზის კონფერენციამ ქართული დელეგაციის წევრებს იმედი გაგვიჩინა, რომ მომავალში ბევრი პრობლემის გადაწყვეტაა შესაძლებელი, თუკი ადამიანები ერთმანეთთან მისასვლელ გზებს მოვნახავთ. მთავარია, სწორად ავირჩიოთ მიზანი და თანამოაზრეები, ვინც ამ მიზნის მიღწევაში ერთგულად ამოგვიდგება მხარში. მანამდე კი არ უნდა დავივიწყოთ ის, რამაც ჩვენი წინაპრები დიად გამარჯვებამდე მიიყვანა – ერთობა არ უნდა დავივიწყოთ.

ბონდო მძინარაშვილი

 

 

http://geworld.net/politics/1289.html