საქართველო, 24 ივნისი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ჩატარებული ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტან გომელაურმა იმ ძირითად საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც საბჭოს სხდომაზე განიხილეს.
გომელაურის ინფორმაციით, პირველი საკითხი ქვეყანაში კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში რეფორმებს ეხებოდა. მისივე განმარტებით, მსჯელობის საგანი იყო ოკუპირებული ტერიტორიები და იქ არსებული ვითარება, ასევე ის, თუ რა კეთდება უკანონო დაკავებების, მათ შორის კი ზაზა გახელაძის გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით.
„დღეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა ჩატარდა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, რამდენიმე საკითხი განვიხილეთ, იყო პირველი საკითხი კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში რეფორმა. შემუშავებულია ზოგადი საკანონმდებლო ჩარჩოს პროექტი, რომელმაც ექსპერტიზა გაიარა და მოცემულ ეტაპზე სექტორულ უწყებებთან მისი შეთანხმება, იგეგმება კანონპროექტის ინიცირება მიმდინარე წლის საპარლამენტო საშემოდგომო სესიაზე. ეს იყო ერთ-ერთი თემა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოსთვის. ჩვენთან წლებია უკვე ამაზე ვმუშაობთ და ძნელია, რომ გაკეთდეს ჩამონათვალი კრიტიკული ინფრასტრუქტურა რომელია, ამ სიაში რომელი მოხვდება.
მეორე თემა იყო ოკუპირებული ტერიტორიები და მათზე არსებული პრობლემები. მოგეხსენებათ, დღევანდელი პრობლემაც და სამწუხაროდ, ძალიან ხშირია უკანონო დაკავებები და, რა თქმა უნდა, ტერიტორიების მიტაცება. ამაზე ვმუშაობთ, იყო განხილვები, თუ რა გაკეთდა ზაზა გახელაძის შემთხვევაში, რას ვაკეთებთ, როგორ ვიმუშავეთ, აქედან გამომდინარე, ვაგრძელებთ მუშაობას.
ასევე, იყო საკითხი ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაზე, თუ რა გაკეთდა. ამაზეც მუშაობს მთლიანად მთავრობა, საბჭო. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის მიერ შემუშავებულ იქნა დოკუმენტი. პირველი ვერსია დოკუმენტის გადაეზავნა სექტორულ უწყებებს და ხდება მათთან დოკუმენტის შეთანხმება, იგეგმება დოკუმენტის პარლამენტისთვის წარდგენა საშემოდგომო სესიაზე. პარალელურად, მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის განახლებაზე.
ასევე, იყო მეოთხე საკითხი კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში დოკუმენტის საბოლოო სახით ჩამოყალიბების პროცესს ვასრულებთ აქაც. მთავრობას დასამტიცებლად წარედგინება ივლისის პირველ ნახევარში.
და არის მეხუთე თემა - ორგანიზაბული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა საბოლოო დოკუმენტი და პირველ ივლისს დოკუმენტი გადის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან არსებულ კომისიაზე, შემდეგ წარედგინება მთავრობასა და პარლამენტს“, - განაცხადა გომელაურმა.