დამსწრე საზოგადოებას მიესალმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე. მან ისაუბრა გიორგი მთაწმინდელის დამსახურებაზე სახელმწიფოებრივი ცნობიერების განმტკიცებაში, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისათვის ბრძოლის საქმეში, ქართული კულტურისა და, საერთოდ, ქრისტიანული ცივილიზაციის განვითარებაში. უწმიდესისა და უნეტარესის შეფასებით, „ათონის ივერთა მონასტერი იყო განსაკუთრებული სასულიერო და სამეცნიერო ცენტრი და რომ არ ყოფილიყო ქართველთა ივერთა მონასტერი, ძალიან ღარიბი იქნებოდა ჩვენი ლიტერატურა და ჩვენი ისტორია“
სიმპოზიუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც იცოდნენ, რომ საქართველოს ევროპული მემკვიდრეობა და ევროპული ამბიცია მისი ისტორიიდან მოდის: „საქართველო ყოველთვის იყო ევროპის კულტურული, საგანმანათლებლო და პოლიტიკური სივრცის ნაწილი და ალბათ ყველაზე კარგად ეს ჩანს მე-10, მე-11 საუკუნეებში, როდესაც ქართველი განმანათლებლები, ქართველი სასულიერო პირები მოღვაწეობდნენ ათონის ივერთა მონასტერში“.
საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრის სახელით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II და პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს საჩუქრად გადაეცათ მოოქროვილი ვერცხლის მედალი გიორგი მთაწმინდელის გამოსახულებით, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის დამზადდა.
წლევანდელ სიმპოზიუმში ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობენ მათი კოლეგები ამერიკიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, ლიტვიდან, პოლონეთიდან და რუსეთიდან.
სიმპოზიუმს ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.