საქართველო, 21 ივნისი, საქინფორმი. პარლამენტში ორი ახალი პოლიტიკური ჯგუფი - “მოქალაქეები“ და “გირჩი“ რეგისტრირდება.
მათ რეგისტრაციის საკითხს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 21 ივნისის სხდომაზე განიხილავს. პოლიტიკური ჯგუფი “მოქალაქეები“ ორი დეპუტატით იქნება წარმოდგენილი და მას ალეკო ელისაშვილი უხელმძღვანელებს, ხოლო 3-წევრიანი პოლიტიკური ჯგუფის “გირჩის“ ხელმძღვანელი იაგო ხვიჩია იქნება.
ე.წ. პოლიტიკური ჯგუფი სპეციალურად მეათე მოწვევის პარლამენტისთვის მოფიქრებული სტრუქტურული ერთეულია, რომელიც ზუსტად იმავე უფლებებითა და პრივილეგიებით სარგებლობს, რაც საპარლამენტო ფრაქციას გააჩნია.
თავდაპირველად, პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ არანაკლებ ოთხ დეპუტატს შეეძლო, თუმცა პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ბოლო ცვლილებით, პოლიტიკური ჯგუფის შექმნისთვის წევრთა მინიმალური რაოდენობა ორამდე შემცირდა.
პოლიტიკური ჯგუფი პარლამენტში უკვე შექმნეს “ევროპელმა სოციალისტებმა“.