პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ეუთო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

 საქართველო, 16 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენერალურ მდივანს ჰელგა მარია შმიდს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და ეუთო-ს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ხაზი გაესვა ეუთო-ს მნიშვნელოვან ჩართულობას საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და ომით გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის პროცესში.

პრემიერ-მინისტრმა ეუთო-ს გენერალურ მდივანს ამ მიმართულებით გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა. ხაზი გაესვა ეუთოს თანათავმჯდომარეობის როლს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში.

პრემიერმა ხაზი გაუსვა ზაზა გახელაძისა და ყველა სხვა უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლების საკითხის დაყენებას ყველა დონეზე, მათ შორის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ მიუხედავად უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით არსებული რთული გამოწვევებისა, საქართველოს მთავრობა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესის ერთგული რჩება.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქართული მხარე აფასებს ODIHR-ის ჩართულობას არჩევნებზე დაკვირვების პროცესში. გამოითქვა მზადყოფნა, რომ მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქვეყანამ ODIHR-ის დამკვირვებლების მაქსიმალური რაოდენობა მიიღოს.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს აქტიურ როლსა და ჩართულობაზე ეუთო-ს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, ადამიანის უფლებებისა და გენდერის მიმართულებით.

ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა შეხვედრაზე მაღალი შეფასება მისცა კავკასიის საკითხებში საქართველოს მედიაციას და ამ მიმართულებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩართულობას.