პოლიტიკა
კონფერენცია ჰააგაში ქართული დემოკრატიის თაობაზე

hague-ministry-buildingჰააგაში (ნიდერლანდები) 10 მაისს ქართული დემოკრატიის თემაზე მიძღვნილი კონფერენცია ჩატარდა. მასში მონაწილეობდნენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, სახელმწიფო მინისტრი ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე და ოპოზიციური პარტია „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია.

სემინარი, რომელიც საქართველოში დემოკრატიის კუთხით არსებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებს ეხება, კლინგენდალის ინსტიტუტისა და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მასპინძლობით იმართება. ღონისძიების ერთ-ერთი თანასპონსორია ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

საქართველოს ვიცე-პრემიერის – ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, აპარატის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჰააგაში გიორგი ბარამიძე შეხვდება ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს.

პარტია „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ პრესსამსახური იტყობინება, რომ ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ალასანია შეხვედრებს გამართავს ნიდერლანდების საგარეო უწყების წარმომადგენლებთან და შემდეგ ბერლინში გაემგზავრება, სადაც 11 მაისს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდება.