საქართველო, 14 ივნისი, საქინფორმი. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში იმიტირებული არჩევნები გაიმართა.
კენჭისყრის პროცესი 12 ივნისს 08:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათზე დასრულდა.
ცესკო-ს ინფორმაციით, საარჩევნო სიაში 822 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.
ამომრჩევლის რეგისტრაციის, ხმის მიცემისა და ხმის დათვლის პროცესი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობდა.
იმიტირებული არჩევნებისთვის შეიქმნა საუბნო საარჩევნო კომისია, რომელიც დაკომპლექტებული იყო როგორც ცესკო-ს, ისე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებით. კენჭისყრას არასამთავრობო ორგანიზაციებიც აკვირდებოდნენ.
იმიტირებული კენჭისყრა ცესკო-ში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების შესაძლებლობის საკითხებზე მომუშავე სპეციალური ჯგუფის ორგანიზებით მიმდინარეობდა, რომლის შემადგენლობაშიც, ცესკო-ს თანამშრომლებთან ერთად, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შედიოდნენ.