აქტუალური
ლიეტუვის პრეზიდენტი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან ერთად, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან იმყოფებოდა

 საქართველო, 11 ივნისი, საქინფორმი. ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა გუშინ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მონაკვეთებს, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად ეწვია, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ავრცელებს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა მარეკ შჩიგელმა, რომელიც ვიზიტისას შეუერთდა პრეზიდენტ ნაუსედას, მიაწოდა ინფორმაცია ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით განვითარებულ უკანასკნელ მოვლენებზე, შესთავაზა მას საკუთარი აღქმა ხურვალეთის რაიონის გეოგრაფიულ თავისებურებებზე.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, გაყოფილ სოფელ დიდ ხურვალეთში მან ასევე ახსნა, რა უარყოფით გავლენას ახდენს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე და ადამიანის უფლებებზე მიმდინარე ბორდერიზაციის ისეთი მოქმედებები და ნიშნები, როგორებიცაა მავთულის ახალი ღობეების და სათვალთვალო კოშკების დაყენება.

მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტსა და მისიას შორის საუბრისას ყურადღება კონკრეტულად გამახვილდა შეზღუდვებზე, რომლებსაც ბორდერიზაცია იწვევს ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილების თავისუფლებაზე, მათ შორის განათლებაზე, ჯანმრთელობის მომსახურებაზე, მიწასა და საკუთრებაზე წვდომის კუთხით.

„დისკუსიამ ასევე ხაზი გაუსვა იმას, როგორ გააუარესა COVID-19-ის პანდემიამ ადგილზე ჰუმანიტარული მდგომარეობა და გაზარდა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებული გამოწვევები. ამ კონტექსტში, ლიეტუვის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში სტაბილურობაში შეტანილი წვლილისთვის და ნდობის აღდგენაში გაწეული მუშაობისთვის. მან ასევე მადლიერება გამოხატა ინფორმაციული საველე ვიზიტისთვის.

მაღალი დონის უკანასკნელი ლიეტუვური ვიზიტი ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე შედგა 2021 წლის 29 აპრილს, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი ეწვია ოძისის რაიონს, მათ შორის ოძისის გადაკვეთის კონტროლირებად პუნქტს“, – აღნიშნულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციაში.