აქტუალური
კახა კუჭავა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა

 საქართველო, 3 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა შარლ მიშელის დოკუმენტის აღსრულების მნიშვნელობაზე.

მათი ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კომისიის წევრებს საპარლამენტო დღის წესრიგი გააცნო, ისაუბრეს მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე.

„ყურადღება გამახვილდა საარჩევნო და სასამართლო რეფორმაზე. აღინიშნა კანონმდებლობაში ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ასახვის მნიშვნელობა.

მხარეებმა ისაუბრეს ადგილობრივ არჩევნებზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლების ყოფნის შესახებ. კომისიის წევრებმა დაადასტურეს, რომ მონიტორები პროცესს აქტიურად დააკვირდებიან.

კახა კუჭავამ კიდევ ერთხელ აღნიშნა მონიტორინგის კომიტეტთან თანამშრომლობის მნიშვნელობა და მადლიერება გამოხატა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან ქვეყნის მტკიცე მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.