რელიგია
12 მაისს მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის სახელობის ტაძრის საძირკველი გაიჭრება

maxata12 მაისს, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს, მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის სახელობის ტაძრის საძირკველი გაიჭრება.
ფონდი "ივერიისას" ღონისძიებათა სამხატვრო ხელმძღვანელის თეონა ჯორბენაძის ინფორმაციით, ცერემონიას დაესწრებიან, კრეტის მთავარეპისკოპოსი ირინეოსი და იკონიის მიტროპოლიტი თეოლიპტე. ღონისძიებაზე ასევე მიწვეული არიან დელეგაციები მსოფლიოს საპატრიარქოდან, ათონის მთიდან, ძივევონიდან, ზაგორსკისა და კიევა-პეჩორას ლავრებიდან. მისივე ცნობით, ამ დღესთან დაკავშირებით თბილისში ჩამოვლენ დელეგაციები საქართველოს 37-ვე ეპარქიიდან. მოეწყობა ქუჩებში მსვლელობა, გაიმართება კონცერტი, სადაც შესრულდება პატრიარქის მიერ შექმნილი "წმინდაო ღმერთო" და საეკლესიო მრავალჟამიერი.
"ეს მართლაც უნიკალური მშენებლობაა და სახალხო აქციაა, რადგან ტაძარს მთელი საზოგადოება, საქართველოში მცხოვრები ხალხი, მთელი ქართული ემიგრაცია ერთად აშენებს. ამჟამად აქციაში 108 ათასი ადამიანია გაწევრიანებული, ისინი ყოველთვიურად რიცხავენ თანხას ტაძრის ასაგებად", - განაცხადა ჯორბენაძემ.
მახათას მთაზე, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით 2002 წელს დაარსდა მამათა მონასტერი და აშენდა ათონის მთის ივერთა მონასტრის ქტიტორების: იონეს, ექვთიმეს და გიორგი მთაწმინდელების სახელობის ტაძარი.
სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსდება საგანმანათლებლო ცენტრი, ღვთისმშობლის მუზეუმი, მომლოცველების სამსახური და პილიგრიმთა სასტუმრო, ასევე დაარსდება მზრუნველობა მოკლებულთა სახლი და ნარკოლოგიური ცენტრი.