რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა გამარჯვების დღესთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებს სადღესასწაულო მიმართვა გაუგზავნა, რომელშიც ვეტერანებსა და ქართველ ხალხს 9 მაისი მიულოცა და აყვავება და კეთილდღეობა უსურვა.
„გამარჯვება საშინელ ფასად დაგვიჯდა – ყოველ ოჯახში დანაკარგით გამოწვეული მწუხარება იგრძნობოდა. ჩვენი საერთო ვალია, გავუფრთხილდეთ გამარჯვებულთა გმირობის წმინდა ხსოვნას, ჩავუნერგოთ ახალგაზრდა თაობას პატრიოტიზმისა და საერთო გამარჯვებით გამოწვეული სიამაყის გრძნობა“, – აღნიშნა მედვედევმა მიმართვაში.
„რუსეთი ყოველთვის იყო და რჩება ქართველ ხალხთან კეთილმეზობლობისა და მეგობრობის საუკუნეებით განმტკიცებული ტრადიციების ერთგული. ჩვენ გვსურს, საქართველო ვიხილოთ მეზობლებთან მშვიდობიანად მცხოვრებ აყვავებულ და თავისუფალ სახელმწიფოდ“, – ნათქვამია იქვე.
„ამ დიად დღესასწაულზე მინდა, სამამულო ომის ქართველ ვეტერანებს გადმოგცეთ კეთილი სურვილები, ჯანმრთელობა და დღეგრძელობა, საქართველოს ხალხებს კი კეთილდღეობა და სტაბილურობა ვუსურვო“, – აღნიშნულია მედვედევის მიმართვაში საქართველოს მოქალაქებისადმი.