საქართველო, 24 მაისი, საქინფორმი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ 22 მაისს ახალი პოლიტიკური პარტიის – „ხალხისთვის“ ყრილობა გამართა.
ყრილობაზე გამოსვლისას, ანა დოლიძემ განაცხადა, რომ სოციალური სამართლიანობა ახალი პოლიტიკური პარტიის ქვაკუთხედი იქნება. „ჩვენ ვირჩევთ მმართველობის ისეთ გზას, სადაც სოციალური თანასწორობა არის სახელმწიფოს მთავარი მამოძრავებელი იდეა“, – განაცხადა დოლიძემ და დასძინა, რომ პარტიას სურს ისეთი ქვეყანა შექმნას, სადაც „შიმშილი არ იქნება ქვეყნის უმთავრესი გამოწვევა“.
ანა დოლიძემ ასევე აღნიშნა, რომ პარტიაში შესაბამისი კომპეტენციის ადამიანები ერთიანდებიან, ვინც „ვიბრძოდით და დღესაც ვიბრძვით სამართლიანობისთვის და საქართველოს უკეთესი მომავლისთვის“. „ჩვენ გვჯერა ერთმანეთის მიმართ სოლიდარობის და გვწამს, რომ შეგვიძლია ავაშენოთ კეთილდღეობის სახელმწიფო“, – განაცხადა მან.
ანა დოლიძემ, რომელმაც იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი კორნელის სამართლის სკოლაში მიიღო, 2020 წლის 21 მაისს საზოგადოებრივი პლატფორმა მოძრაობა „ხალხისთვის“ დააფუძნა და განმარტა, რომ მიზანი „სუფთა ხელებით“ ქვეყანაში ახალი რეალობის შექმნა იყო.
პოლიტიკური მოძრაობის ჩამოყალიბების გეგმების გახმოვანების შემდეგ, იგი იძულებული გახდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრის თანამდებობა დაეტოვებინა, სადაც ის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2018 წელს დანიშნა.
ანა დოლიძის გადაწყვეტილებას წინ 7 არასამთავრობო ორგანიზაციისა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება უძღვოდა, რომლებიც ანა დოლიძეს მოუწოდებდნენ, რომ თუკი იგი პოლიტიკურ საქმიანობას გეგმავდა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება „დროულად“ მიეღო.