საზოგადოება
ზვიად სიჭინავა: „თუ ფეხბურთელებს ჩვენთან რამე აქვთ სათქმელი, მობრძანდნენ და აგვიხსნან!“

domentსათასო დაპირისპირება „ზესტაფონში“ ადგილობრივ კლუბსა და „ტორპედოს“ შორის ინციდენტით დასრულდა, რის შესახებაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ მედიასთან კომენტარი გააკეთა. საქინფორმმა შემთხვევით ისარგებლა და სხვა საინტერესო კითხვებიც დაუსვა ფედერაციის  ხელმძღვანელს.

– „ზესტაფონისა“ და „ტორპედოს“ თამაშთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ქუთაისის ხელმძღვანელობამ ზარალის ანაზღაურების სურვილი გამოთქვა. არსებობს ნორმალური ეთიკა ფეხბურთში და ნებისმიერ შემთხვევაში დაისჯებიან ფეხბურთელები და ყველა ის პირი, ვინც პროვოკაციაზე წამოაგო გულშემატკივარი. დაისჯება ყველა, რომელიც ვიდეოფირზეა დაფიქსირებული. აღმასკომი ამ საკითხზე მსჯელობის მიზნით შეიკრიბება და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. – მინდა, რუსთავის „ოლიმპის“ ფეხბურთელებზე გკითხოთ. აღმასკომმა ეს ფეხბურთელები დასაჯა, სეზონის ბოლომდე დისკვალიფიკაცია მისცა და 600-600 ლარი დააკისრა; პოლიციამ ორი დღის წინათ, ამავე მიზეზით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე მსაჯის გინების გამო, ორი კვირის შემდეგ აიყვანა და 90 დღის ნაცვლად, 100-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა. რამდენად ლოგიკურია, რაც მოედანზე ხდება, პოლიციამ არკვიოს? მითუმეტეს, რომ ეს ფეხბურთელები უკვე დაისაჯნენ ამის გამო და სწორედ მათგან მოდის ეჭვი, რომ ამით სწორედ ფედერაცია იყო დაინტერესებული...
– არ ვიცი, ეს იმ თამაშის გამო იყო, მაგრამ გეტყვით, რომ ნებისმიერი ფეხბურთელი, რომელიც არასპორტულად მოიქცევა, დაისჯება. ფეხბურთელის მთავარი მიზანია, ითამაშოს, სანახაობა აჩვენოს და გულშემატკივარი მოხიბლოს. გინება გულშემატკივრის პრივილეგიაა. მე ასე ვიცი ფეხბურთში. მსაჯის ან მეტოქის მიმართ გინება დაისჯება.
– კი მაგრამ, ვინ უნდა დასაჯოს – ფედერაციამ თუ პოლიციამ?
– თუ ეს ეხება ფედერაციას, ფედერაცია დასჯის. პოლიციამ თავად უნდა გადაწყვიტოს.
– კონკრეტულ ფაქტზე გეკითხებით, პოლიციას ჰქონდა ამ ფეხბურთელების დასჯის უფლება?
– თუ პირადად მე მეკითხებით, გეუბნებით, რომ თუ ფეხბურთელი იგინება, ის უნდა დაისაჯოს. თუკი ფეხბურთელი მსაჯს ან მოწინააღმდეგეს ხელს დაარტყამს, არ ვიქნები წინააღმდეგი, ის უნდა დაისაჯოს. ეს არის ხულიგნობა!
– ბატონო ზვიად, გასაგებია, რასაც ამბობთ, რომ უნდა დაისაჯონ, მაგრამ რამდენად არის ასეთი სიტუაციების განსჯა პოლიციის პრეროგატივა?
– გეუბნებით, ფიზიკურად ხომ არის კაცი სუსტი, მეტოქე – უფრო ძლიერი; ეს კრივი კი არ არის, ხელები იქნიო და ურტყა ვიღაცას, ერთმანეთს ასპარეზი უნდა გავუწიოთ ფეხებით და ბურთით (?!).
– რაც შეეხება თამაშების გარიგებებში ეჭვმიტანილ ფეხბურთელებს, ძიების დასრულებას ელოდებით თუ თავის სანქციებს მაინც დააწესებს სფფ?  ვთქვათ, ძიებამ რომელიმე მათგანი უდანაშაულოდ ცნო, მაინც შეეხება აღმასკომის სანქციები ამ ფეხბურთელს?
– ველოდებით გამოძიების საბოლოო დასკვნას და მათი ვინაობის დასახელებას, ვინც ამაში იყო ჩარეული. მერე აღმასკომი იმსჯელებს, ვფიქრობ – შემდეგ კვირას. ეს იქნება ისე, როგორც უწერია ფიფას და უეფას მოთხოვნაში და შეეხება ყველა იმ ფეხბურთელს, რომელიც ამ სკანდალშია გახვეული. დაისჯება ყველა, ვინც ჩანაწერში ჩანს. ამას ვაწვდით უეფას და ფიფას. განაჩენი ჩვენი კი არა, ფიფასი და უეფასი იქნება. დებულებაში წერია, რომ ის ფეხბურთელი, რომელიც მოლაპარაკებაზე წავიდა, თუნდაც ხუმრობით, მაგრამ იქონია შედეგი... რომელიც ასახულია ვიდეოფირზე... ამიტომ ამას ჩვენ ვერ ავუვლით გვერდს.
– არჩილ არველაძემ, „ქორთიარდში“ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელმა შეცდომა შეიძლება დაუფიქრებლობით დაუშვა და ეს უნდა გაითვალისწინოთ, რომ სულ არ მოიკვეთოს ფეხბურთიდან. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ზოგიერთისთვის სასჯელი შედარებით მსუბუქი იქნება?
– ვეტერანი ფეხბურთელები „ქორთიარდში“ სწორედ იმიტომ შეიკრიბნენ, რომ მათი მოსაზრება გვაინტერესებდა. მარტო აჩი არველაძის აზრი არ უნდა იყოს ეს, არამედ ყველა ფეხბურთელის, ვისაც მართლა უყვარს ფეხბურთი, რათა ფედერაციამ გაითვალისწინოს და მისწეროს ფიფასა და უეფას, რომ სასჯელი არ იყოს ისეთი, ფეხბურთელმა მუდმივი დისკვალიფიკაცია მიიღოს.  
– მედიის საშუალებით ზოგიერთმა ბოდიში მოიხადა და საკუთარი საქციელი მოიინანია. გაითვალისწინებენ თუ არა ამას აღმასკომის სხდომაზე?
–  აღმასკომი ყველაფერს გაითვალისწინებს. ჩვენ შეგატყობინებთ, სხდომას დაესწრებით და ფირებსაც ვნახავთ. აქ შეიძლება კიდევ ბევრი ვინმე გამოაშკარავდეს, იმ 5 კაცის გარდა. ინტერნეტში განთავსებული მასალა წავიკითხე, სადაც ფეხბურთელი წერდა – ჩემი გუნდისთვის არ მიღალატია, მოგება მოვუტანეო. ეს ნიშნავს იმას, რომ დღეს შენ იყიდე, ხვალ შეიძლება გაყიდო... ამაზეა ლაპარაკი. მე არ ვარ იმის მომხრე, რომ მაინცდამაინც მათი სისხლი დავღვაროთ, მაგრამ რა მოთხოვნაც იქნება, ზუსტად იმას მიიღებენ.
– თავად ამ ფეხბურთელებთან დიალოგს თუ გეგმავთ?
–  არ ვაპირებ მათ ძებნას. თუ მათ უნდათ ჩვენთან რაიმეს თქმა, ფედერაციის მისამართი იციან და 24 საათის განმავლობაში კარი ღიაა. მობრძანდნენ და აგვიხსნან, უნდათ – აღმასკომზე, უნდათ – აღმასკომამდე. ეს პრობლემა არ არის, ამ სიტუაციაში კი მე მხოლოდ მაქვს ფაქტი, რომელიც არის გადაღებული. არცერთ ფეხბურთელთან მქონია მოლაპარაკება. მაგრამ თუ მოვლენ და მეტყვიან , როგორც იყო სიტუაცია, ჩვენ ამას გავითვალისწინებთ.
– უეფადან გამოგზავნილი წერილი, რომელიც გასული წლის მატჩებს ეხებოდა, მხოლოდ ახლა რატომ გამოჩნდა; უბრალოდ, დაემთხვა ამ სკანდალს თუ?..
– თქვენ თუ ეჭვი გეპარებათ, შემიძლია ბარათი გაჩვენოთ და თავად დარწმუნდებით.