საქართველო, 21 მაისი, საქინფორმი. ქართულ-ყაზახური კომპანიის დამფუძნებელი აიდოს შაირვედინოვი, რომელთანაც გარდაცვლილი 26 წლის ასელ აიტპაევა მუშაობდა, ყაზახეთში გამოკითხვაზე დაიბარეს.
საქართველოში მყოფი ასელ აიტპაევა, რომელიც გაუპატიურების მსხვერპლი გახდა, საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულიდან გადმოხტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევა მიმდინარე წლის 5 მაისს რუსთავში მოხდა. პოლიციამ მომხდარიდან მეორე დღეს ზუგდიდელი 57 წლის ბესიკ თორდუა 26 წლის ქალის გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დააკავა.
კომპანიის დამფუძნებლის ადვოკატის, მაია უსტარაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ყაზახეთში რამდენიმე დღეში გაემგზავრება და ჩვენებას მისცემს. გარდა ამისა, ყაზახეთში გამოკითხვაზე სხვა პირებიც - კომპანიის თანამშრომლებიც არიან გამოძახებული.
ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ასელ აიტპაევასთან ახლო ურთიერთობა არ ჰქონია და დარწმუნებულია, რომ შაირვედინოვს მოწმის სტატუსი არ შეეცვლება.
„ეს ადამიანი თავად არის დაზარალებული, საქართველოში კომპანია გახსნა და პატიოსნად მუშაობდა, არანაირი დანაშაულებრივი ქმედება არ ჩაუდენია. მან გოგონას გარდაცვალების ფაქტი მომხდარიდან მეორე დღეს გაიგო. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ყველა დეტალი გამომძიებლებს უკვე წარუდგინა", - განაცხადა უსტარაშვილმა.
საქართველოში მიმდინარე გამოძიების პარალელურად, ქვეყანაში ყაზახეთის საგამოძიებო ჯგუფი ჩამოვიდა. ისინი ასელ აიტპაევას გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ ბესიკ თოდუას დაკითხავენ.
14 მაისს პროკურატურამ ბრალი კიდევ ერთ პირს, ასელ აიტპაევას ნათესავს, მურად მეირბეკოვსაც წარუდგინა. უწყება მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს, გაუპატიურებას ედავება. საგამოძიებო უწყების ცნობით, მეირბეკოვმა, რომელმაც ასელ აიტპაევა საქართველოში სამუშაოდ ჩამოიყვანა, გოგონაზე ორჯერ იძალადა.