რელიგია
სრულიად საქართველოს გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს
giorgiwm2დღეს, 6 მაისს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია წმიდა გიორგის თავისკვეთის დღეს აღნიშნავს, 10 (23) ნოემბერს კი – წმიდანის ბორბალზე წამების დღეს. ყოველი ერი განსაკუთრებულ პატივს სცემს რომელიმე წმიდანს, ყოველ ერს ჰყავს თავისი განსაკუთრებული ზეციური მფარველი, რომელიც ლოცულობს ერისთვის და იფარავს განსაცდელთაგან.
საქართველოს ბევრ ევროპულ ქვეყანაში წმიდა გიორგის სახელის მიხედვით „გეორგიას“ ეძახიან, ჩვენთან ეკლესიების უმეტესი ნაწილი წმიდა გიორგის სახელზეა აგებული. 
საქართველოში წელიწადის ყოველ დღეს იზეიმებოდა გიორგობა, რომელიც წმიდანის სახელობის რომელიმე ტაძართან, ხატთან ან მის მიერ აღსრულებულ სასწაულებთან იყო დაკავშირებული. ხალხურ მეტყველებაში შემორჩენილია 365 წმიდა გიორგის სახელით დალოცვა, რომელიც წმიდა გიორგის წელიწადის ყოველდღიურ დღესასწაულთან არის დაკავშირებული. ამ უდიდეს წმინდა საეკლესიო დღესთან დაკავშირებით მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი) ქადაგებდა: „დღეს მთელ ქრისტიანულ სამყაროსთან ერთად ვდღესასწაულობთ ქრისტეს მოწამეთა შორის მანათობელი ვარსკვლავის, ზეციურ ანგელოზთა შორის გაბრწყინვებულისა და კაცთა შორის ქებულის – ქრისტეს დიდი მოწამის წმიდა გიორგის ხსენებას. კურთხეულია ეს დღე ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის, მაგრამ იგი განსაკუთრებით სასიხარულო და მნიშვნელოვანი მაინც ჩვენთვისაა - იმ ქვეყნის მკვიდრთათვის, რომელსაც წმ. გიორგის დიდი სიყვარულის გამო „გეორგიას“ უწოდებენ უცხოელნი... წმიდა გიორგობა ჩვენი ეროვნული დღესასწაულია, ჩვენი ერისა და ეკლესიის ზეიმიცაა... წმიდა გიორგი ჩვენმა ხალხმა რომ ასე დიდად შეიყვარა, არ მოხდა მარტო ჩვენი ნებით და შემთხვევით. ეს მოხდა ღვთის განგებითა და ლოცვა-კურთხევით. ჩვენს ერს არც სხვა დიდი წმიდანისათვის დაუკლია სიყვარული და პატივისცემა, მაგრამ წმიდა გიორგისადმი მაინც გამორჩეული სიყვარული და ერთგულება გამოიჩინა. საქართველოში არცერთი წმიდანის სახელზე არ აუგიათ იმდენი ეკლესია-მონასტერი, რამდენიც წმიდა გიორგისათვის. არცერთ ქვეყანაში არ აღნიშნავენ წმიდა გიორგობას ისე მრავლად, როგორც საქართველოში... რატომ შეიყვარა და შეითვისა უცხო ტომის წმიდანი ასე ძლიერ ჩვენმა ხალხმა? იმიტომ, რომ ჩვენს ერს, ჩვენს კურთხეულ ქვეყანას, ღვთისგან გამორჩეულს მძიმე და წინააღმდეგობებით სავსე გზით უნდა ევლო. ქრისტეს გზით მიმავალ ჩვენს ქვეყანას უამრავი ბრძოლა და განსაცდელი უნდა გადაეტანა და მხოლოდ მათი ღირსებით დათმენის შემდეგ ელოდა გამართლება და ღმერთთან ამაღლება. ქართველ ხალხს ამ უმძიმესი ჯვარის ზიდვა მარტოს გაუძნელდებოდა... ეს იცოდა ყოვლისმცოდნე უფალმა ღმერთმა და ამიტომ დაბადა ჩვენს ხალხში უდიდესი სიყვარული და პატივისცემა ისეთი ძლევამოსილი და საკვირველთმოქმედი მოწამისა, როგორიც იყო წმიდა დიდმოწამე გიორგი - წმიდანი მებრძოლი და გმირი. სწორედ ასეთი წმიდანი და მეოხი ესაჭიროებოდა ჩვენს ხალხს, თავად მებრძოლსა და მეომარს. წმიდა გიორგის სიყვარულმა განაძლიერა ჩვენი ერი უსჯულო მტრების წინააღმდეგ საბრძოლველად; წმიდა გიორგის სიყვარულმა გააკეთებინა ჩვენს ხალხს შეუძლებელი - გადაირჩინა თავისი თავი და დამოუკიდებლობა...“