”გინახავთ როგორ ეთამაშობა კატა თაგვს, სანამ საბოლოოდ დაახრჩობს - ხან დაიჭერს, ხან ვითომ გაუშვებს, უბედური კი ყოველ ჯერზე ცდილობს გაქცევას და ვერ ხვდება, რომ განწირულია? იგივე ხდება ქართულ პოლიტიკაში - ივანიშვილი ხან დაიჭერს ოპოზიციის ლიდერებს, ხანაც – უშვებს”, - განაცხადა ჩვენთან ინტერვიუში „საქინფორმი“-ს მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა.
- ”ქართული ოცნების” ხელისუფლებამ შეასრულა დანაპირები ევროსაბჭოს თავმჯდომარის წინაშე - ციხიდან გაათავისუფლა სააკაშვილის პარტიის ლიდერი მელია და პარტიული ტელევიზია „მთავარი არხის“ სპონსორი მაფიოზი რურუა, მაგრამ „ნაცმოძრაობა“ არ ჩქარობს მიშელის შეთანხმების ხელმოწერას და პარლამენტში შესვლას. როდემდე გაგრძელდება "პანდემიის მესამე ტალღა" ქართულ პოლიტიკაში, ბატონო არნო?
- სახელისუფლებო პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციას კატათაგვობანას ეთამაშება - ყოველ ჯერზე, შეისმენს ევროკავშირისა და აშშ–ის თხოვნებს, უშვებს ციხიდან სააკაშვილის ოპოზიციის უმძიმესი დანაშაულების ჩამდენ ლიდერებს, რითაც „ოცნება“დასავლეთისგან მადლიერების სიტყვებს იმსახურებს; შემდეგ კი იჭერს მიშას სხვა ლიდერებს უკვე სხვა დანაშაულებისთვის. მერე ისევ პირველების ჯერი დგება და ასე გაგრძელდება დიდხანს, რადგან მათ მიერ ჩადენილი დანაშაული უამრავია. გაათავისუფლეს მელია და რურუა - დააპატიმრებენ გვარამიას, უგულავასა და ხაზარაძეს, რომელთა საქმეებიც წარმოებაშია. ამ სამეულის დაპატიმრებით ხელისუფლება დაიმსახურებს ხალხის აპლოდისმენტებს, რომელიც არ დაუმსახურებია ეკონომიკაში ჩავარდნების გამო. შემდეგ კვლავ მოვა მელიას ჯერი, რადგან მას 40 ათასის სააცვლოდ მხოლოდ აღკვეთის ღონისძიება შეუცვალეს, საქმე კი არ დახურულა! და ჟორიკაც ისევ ციხეში მოხვდება, თუ მანამდე, თავისი ძმასავით, გაურკვეველ ვითარებაში წერილი არ წაიღო...
- მიგაჩნიათ, რომ ივანიშვილი კვლავაც წამყვან როლს თამაშობს ქართულ პოლიტიკაში და ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებში ისევ მისი პარტია გაიმარჯვებს?
- ივანიშვილი მილიარდერების კლუბის წევრია, რომლებიც მართავენ მსოფლიოს, რომელმაც საქართველოში გამოიყენა დიდი ბიზნესის სასტიკ სამყაროში მიღებული მდიდარი გამოცდილება და ასევე, საქართველოსთვის მიუღებელი პოლიტიკური მოწყობის სისტემა, როდესაც სახელმწიფოს კოლექტიურად მართავენ პრემიერი, პრეზიდენტი და პარლამენტი. შედეგად, დღეს ქართული პოლიტიკური სისტემა პირამიდას ჰგავს, რომლის მწვერვალზეც ივანიშვილია, ხოლო ქვედა კუთხეებში - თავწაკვეთილი ხელისუფლება და ოპოზიცია. ხელისუფლების არცერთ შტოს სათავეში არ ჰყავს სხვების ფონზე მკვეთრად გამორჩეული პიროვნება - ღარიბაშვილი, კობახიძე, კალაძე, ზურაბიშვილი და პარლამენტის ახალი თავმჯდომარე, რომლის გვარიც არავის ახსოვს - ისინი, ყველა, დაახლოვებით ერთ დონეზე დგანან. ლიდერი არ ჰყავს არც ოპოზიციას, რომელიც დაიფანტა ცალკეულ ჯგუფებად - ვინც პარლამენტში შევიდა, ვინც არ შევიდა, ვინც პარლამენტში ვერ მოხვდა და ქუჩის ოპოზიციად. სააკაშვილს ლიდერად მხოლოდ მისი პარტია ცნობს, მელია კი არაადეკვატური ახალგაზრდა კაცია, პოლიტიკისთვის შეუფერებელი, რომელსაც სააკაშვილი უბრალოდ იყენებს. ოპოზიციის ყველა ლიდერი ხალხის ზიზღს იწვევს, განსაკუთრებულ სიმპათიას არ იწვევს „ოცნების“ "სახეებიც" - სააკაშვილის შემდგომ უმუშევრობა და ინფლაცია გაორმაგდა, დოლარი და ბენზინი, მედიკამენტები და პური ორმაგად გაძვირდა, ისინი კიდე ტელეეთერებში გამაღიზიანებელი აპლომბით გამოდიან!
- მაშ, როგორ მოიგებენ ისინი არჩევნებს?! რატომ მოხდა სახელმწიფო მმართველობის დეგრადაცია?
- იმიტომ, რომ ახალი ხელისუფლების აშკარა მტრები - სააკაშვილის დანიშნულები - დატოვეს სისტემაში, სამსახურში, წესიერი მოქალაქეები კი, „ოცნების“ მომხრეები, უმუშევრები, სახელმწოფო სამსახურიდან დისტანციაზე - აქაოდა, მოითმენენ, ჩვენიანები არიან მაინც და, მაშასადამე, საფრთხეს არ წარმოადგენენ. მეორე ხარისხოვან ადამიანებად გარიყულები, შესაბამისად, გაბრაზდნენ და ხელისუფლება ამ რისხვას იგრძნობს მოსალოდნელ არჩევნებში. მონური სულის მქონენი, უპასუხისმგებლო ხელმძღვანელთა უმეტესობა, იმისათვის, რომ ყურადღება არ მიეპყროთ, არც თავად გაუკეთებიათ რამე სასარგებლო და არც სხვებს მისცეს ამის საშუალება. აყვავდა ნეპოტიზმი: ყველა სახელისუფლებო სტრუქტურა დაკომპლექტდა პროტექციით, შინაურებითა და ახლობლებით, ძირითადად – უნიჭოებით, რადგანაც მთავარი კრიტერიუმი იყო IQ – რაც უფრო დაბალი, მით უკეთესი! დასასრული გარდაუვალია - მანკიერი წრე სადღაც გაიღვევა და მთელი პირამიდა ჩამოინგრევა, გადამდგარი ჩინოვნიკები ფსევდო-პოლიტტექნოლოგებთან ერთად, ჩრდილში გადაინაცვლებენ ან უცხოეთს მიაშურებენ, შესაძლო უსიამოვნებების თავიდან ასარიდებლად! და ეს პროცესი დაწყებულია - სად არიან დღეს ცნობილი „ექსპერტები“, „მრჩევლები“, „პიარჩიკები“, „ჟურნალისტები“ და დანარჩენი „ოკულტისტები“, ადრე „შუშის სასახლეში“ რომ დარბოდნენ?!
რაც შეეხება არჩევნებს, რომლამდეც ძალიან ცოტა დრო რჩება. მხოლოდ თამამი გადაწყვეტილებები მოუტანს გამარჯვებას "ქართული ოცნების" კანდიდატებს, მხოლოდ პოლიტიკური ნება! "ჩაიხედეთ სარკეში!" - უპასუხა გუშინწინ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დასავლეთის მენტორებს. აი ნამდვილი სახელმწიფო მოღვაწის ეტალონი! ვფიქრობ, ივანიშვილმა, მოწინააღმდეგეების სკანდალურ გამოაშკარავებასთან ერთად, სახელისუფლებო, მათ შორის - ძალოვანი სტრუქტურების საკადრო განახლების განკარგულებას გასცემს, ბალასტისგან გაწმენდის, „ოცნებას“ ფსკერზე რომ ექაჩება. რაც შეეხება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს, აუცილებელია მანამდე წინა კონსტიტუციის აღდგენაა - საქართველოს, ისევე როგორც სომხეთსა და აზერბაიჯანს, პრეზიდენტმა უნდა უხელმძღვანელოს. საჭიროა მრავალი ზედმეტი სტრუქტურის გაუქმება და პარლამენტის განახევრება - 90 დეპუტატი, 45 - მაჟორიტარი, 45 - პროპორციული, პარტიული სიებიით, სავსებით საკმარისია.
- დასასრულ, არ შემიძლია არ გთხოვოთ კომენტარი ჰამასსა და ისრაელს შორის გაჩაღებულ კონფლიქტზე, სადაც ბევრი ჩვენი თანამემამულე - ემიგრანტი ცხოვრობს. ეს ომია?
- ეს თვალსაჩინო მაგალითია ქართული ოპოზიციისთვის, თუ სადამდე შეიძლება მიიყვანოს ქვეყანა დაუსრულებელმა პოლიტიკურმა ართურმამ! რამდენი წელია რაც პრემიერი ნეთანიაჰუ ვერ ახერხებს სამთავრობო კოალიციის შექმნას? მეთორმეტე, თუ არ ვცდები?! ბოლო ორი წლის განმავლობაში ისრაელში მეხუთედ ინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები! და უკვე სამი წელია, რაც ისრაელის პრემიერის წინააღმდეგ მიმდინარეობს სასამართლო პროცესი მის წინააღმდეგ აღძრულ სამ საქმეზე - მას ბრალად კორუფცია და მედიაზე ზეწოლა ედება.
ქართული ოპოზიცია, აშკარად, ვერ გამოაფხიზლა კორონავირუსის პანდემიამ და იმ ფაქტმა, რომ საქართველო ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა! როგორც ჩანს, ქართველმა პოლიტიკოსებმა არ დააფასეს სასწაული, რომ საქართველო არ დაიპყრო ისლამურმა სახელმწიფომ, რადგან ეს უკანასკნელი რუსეთმა გაანადგურა! ქართულმა ოპოზიციამ დაივიწყა პანკისის ხეობის - ისლამური სახელმწიფოს არცთუ დიდი ხნის წინანდელი გადაბირების ცენტრისა და სააკაშვილის დროს ტერორისტთა ბაზის, ფაქტორი! ქართველ ოპოზიციას დიდად არ აღელვებთ ქვეყანაში მკვეთრად გამწვავებული კრიმინოგენური ვითარება. საქართველოში, ივანიშვილის ხელისუფლების წყალობით, დაავიწყდათ - რა არის ომი! ომი და ტერაქტები კი ხდება ყველგან, სადაც სააკაშვილია - საქართველოში ან უკრაინაში. რა მოხდება საქართველოში, თუ დასავლეთი მიმართავს ივანიშვილს კიდევ ერთი თხოვნით - ქვეყანაში შეუშვან სააკაშვილი, რომელსაც სტრასბურგის სასამართლო სადაცაა ყველა ბრალდებას მოუხსნის?!
როგორც ჩანს, თბილისში დაავიწყდათ - რა სავალალო შედეგებით მთავრდება პოლიტიკური კატათაგვობანას თამაშები... მაგრამ ამას მოწმობს ომებითა და დაპირისპირებებით სავსე საქართველოს უახლესი ისტორია, რომლის მოსახლეობაც ორ ათწლეულში განახევრდა.
რაც შეეხება საკითხის სამხედრო მხარეს: გუშინდელი მონაცემებით, ჰამასმა ისრაელის მიმართულებით 1000 გასროლა განახორციელა, რომელთა 75% გაანადგურა ისრაელის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ „რკინის გუმბათი“. თითოეული გასროლა ჰამასს 50 დოლარი უჯდება, რადგან ეს არის ჩვეულებრივი რკინის მილი და თვითნაკეთი ჭურვი, ხოლო ისრაელის თითოეული გასროლა - ანუ რაკეტა, რომელიც ანადგურებს ჰამასის კუსტარულ ჭურვს - 50 000 დოლარი ჯდება. ანუ, 1000 გასროლა ჰამასს 50 000 დოლარი დაუჯდა, ხოლო 1000 მაღალტექნოლოგიური არიდება ისრაელს 50 მილიონი დოლარი დაუჯდა, ათასჯერ ძვირი.
ინტერვიუ მოამზადა მაია ჯავახიშვილმა
2021 წლის 12 მაისი
საქართველო, თბილისი