რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: რას აბრუნებს რუსეთი — აფხაზეთს თუ სააკაშვილს?

     როგორც ვიუწყებოდით, აპრილის მიწურულს ინტერნეტში გავრცელდა თურქეთ-საქართველოს მოდელირებული ომის ანიმაცია, რომელიც თურქეთის მიერ აჭარის მიერთებით მთავრდება. გარდა ამისა, შემოდგომაზე 100 წელი სრულდება იმ ყბადაღებული ყარსის ხელშეკრულების დადებიდან, დამოკლეს მახვილივით რომ ჰკიდია საქართველოს თავზე. არც პრეზიდენტ ერდოღანის არცთუ ორაზროვან ტერიტორიულ პრეტენზიებზე ღირს თვალის დახუჭვა და არც თურქულ სახელმძღვანელოებში „გაპარულ“ უზუსტობებზე ქართული მიწების თურქეთის საზღვრებში მოქცევასთან დაკავშირებით.

   მაგრამ რატომ ვერ მოხვდა ეს და სხვა აქტუალური საკითხები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში, როგორც ფრიად მნიშვნელოვანი გამოწვევები რუსული ოკუპაციის მსგავსად? — პოლიტოლოგ არნო ხიდირბეგიშვილს „ასავალ-დასავალმა“ სწორედ ამ შეკითხვით მიმართა:

— საკუთარი განსწავლულობის სადემონსტრაციოდ საქართველოში მოდაშია ისეთი ტერმინების ხმარება, რომელთა მნიშვნელობა სინამდვილეში არ იციან და ამიტომ ერევათ ერთმანეთში. „ოკუპაცია“, „ანექსია“, „ინტერვენცია“, „ექსპანსია“, „ბორდერიზაცია“, „ნარატივი“, „ესკალაცია“ თუ „გამოწვევა“ — ის სიტყვებია, რომლებსაც განსაკუთრებული სიფრხილით უნდა ვიყენებდეთ. თუნდაც იგივე „გამოწვევა“ ავიღოთ... თურქეთი ან რუსეთი საქართველოს დუელში როდი იწვევენ, სადაც მოწინააღმდეგეებიდან ერთ-ერთს გადარჩენის შანსი ეძლევა. ისინი გაცილებით საშიში ხერხებით გადმოდიან შეტევაზე და, ამდენად, ამ სიტყვით გამუდმებული მანიპულირება, ცოტა არ იყოს, უადგილოა! აი, თუ ვილაპარაკებთ საფრთხეზე, აქ შეიძლება „გამოწვევაზე“ ბევრად უფრო ღრმა კონტექსტები აღმოვაჩინოთ.

კი, ბატონო, მოდით, შევცვალოთ არაფრისმთმელი ტერმინი „გამოწვევა“ ტერმინით — „საფრთხე“. ასე უფრო ზუსტი იქნება... ანუ თურქული საფრთხე რუსულ საფრთხესთან ერთად...

— თურქეთით დავიწყოთ, რომელმაც საქართველოსგან უკვე თითქმის ყველაფერი მიიღო, მათ შორის, აჭარა, რომელიც მისი ტერიტორიის დე ფაქტო გაგრძელებას წარმოადგენს და მალე აფხაზეთსაც წაეპოტინება. საქართველო გაექცა რუსეთს, მაგრამ არა ევროპის მიმართულებით, არამედ — თურქეთში! დიახ, სააკაშვილმა გააძევა ბათუმიდან რუსული ბაზა და აჭარა თურქეთს შეატოვა. თუ ადრე აქ მხოლოდ 3 მეჩეთი იყო, სააკაშვილის დედის წყალობით, ისინი გასამასდა! „მეჩეთები ჩვენი ყაზარმებია, მინარეთები კი — ხიშტები!“, განა შეიძლება რიზე ბათუმისაგან განასხვავო?— განაცხადა ერდოღანმა და ოკუპაცია მეტს რაღას უნდა ნიშნავდეს? აღარაფერს ვამბობ იმ ქართველებზე, რომლებიც თურქეთში მონურ ჭაპანს ეწევიან ან საზღვრისპირა ბორდელებში ყიდიან სხეულს.

— ნუთუ რუსი გენერალი, რომელიც ლერმონტოვის „მწირში“ ჯვრის უღელტეხილის გავლით ტიფლისს სტუმრობს, სამუდამოდ მიდის კავკასიიდან და ყველაფერს თურქეთს უტოვებს...

— ლერმონტოვისეული რუსი გენერალი საქართველოს ტრაგიკული ბატალიების ერთგვარი მემატიანეა. ის ამჯერად ტოვებს ტიფლისს, მაგრამ რუსეთი მაინც ყოყმანობს, არამეგობარ ქვეყანათა სიაში შეიყვანოს საქართველო. პირიქით, მან დაიწყო აფხაზეთთან საზღვრის დემარკაცია, რათა მთელ მსოფლიოს უჩვენოს, ამ ტერიტორიის ანექსიას - რუსეთთან მიერთებას არ ვაპირებო! ფაქტია, დღეს ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი მეტად არასახარბიელო მდგომარეობაშია როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კუთხით, მის წინააღმდეგ პირი შეკრა თითქმის მთელმა დასავლეთმა და ამიტომაც ატარებს ოპტიმიზაციის პოლიტიკას ლამის ყველა მიმართულებით.

მას შემდეგ, რაც თურქეთის ინიციატივით, წარმატებით გადაიჭრა 30 წლის განმავლობაში ჩაკირული ყარაბაღის კონფლიქტი, რუსეთმა ცნო ანკარის ლიდერობა სამხრეთ კავკასიაში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში „ყარაბაღის ფორმულას“ შიდა ტერიტორიული კონფლიქტების გადასაჭრელად აფხაზეთშიც გამოიყენებენ იმავე თურქეთის შუამავლობით! მარტივად რომ ვთქვათ, აზერბაიჯანი და საქართველო თურქულ სექტორში მოექცევა, სომხეთი კი რუსულ ორბიტაზე დარჩება.

— მავანმა შეიძლება ჩათვალოს, რომ აფხაზეთში „ყარაბაღის ფორმულის“ გამოყენებით საქართველო დაიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს... მაშ, რატომღა ცნო რუსეთმა აფხაზეთის ან თუნდაც ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა?

— ეს შეცდომა იყო, რასაც პროგრესულად მოაზროვნე რუსეთის პოლიტიკური ელიტა ამთავითე აღიარებს. პირადად მე არ შემხვედრია რუსი პოლიტიკოსი, პოლიტოლოგი ან ჟურნალისტი, რომელიც თვლის, რომ 2008 წელს რუსეთი სწორად მოიქცა და სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის ცნობით რაღაც განსაკუთრებული ქულა ჩაიწერა. არსებობს გონივრული ეჭვი, რომ გადამწყვეტი როლი შეასრულა ფრიად სოლიდურმა ქრთამმა!

— კი მაგრამ, ვინ აიღო ეს ქრთამი?

— ალბათ, იმან, ვინც ცნო ეს მარაზმი. ცხადია, მათ რიცხვში პუტინი არ უნდა ვიგულისხმოთ, რომელსაც საქართველოს ძირძველი მიწების დაუფლებით ჯერ კიდევ წლების წინ არნახული თავსატეხი გაუჩინეს. უფრო მეტიც, რუსეთის პრეზიდენტი გახდა შორსგამიზნული დეზინფორმაციის მსხვერპლი, რომ თითქოს აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ისტორიულად არ წარმოადგენს საქართველოს... არადა, ზუსტად ვიცი, დღეს კრემლსა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აფხაზეთს არშემდგარ რესპუბლიკად მიიჩნევენ, ასე ვთქვათ, უსახელურო ჩემოდნად, რომლის ტარებაც, გნებავთ — თრევა, უკვე დამღლელი და მოუხერხებელი გახდა, თუმცა, გზაში დასაგდებადაც ვერ გაიმეტებ — ბოლო-ბოლო, ამ ჩემოდანში ჩემოდანი ფულია გადახდილი!

— და რის სანაცვლოდ დაუთმობს რუსეთი თურქეთს აფხაზეთის ტერიტორიას?

— ამ შემთხვევაში რუსეთი, ტრამპის მსგავსად, რაციონალურად მოიქცევა, რომელმაც ამერიკული სამხედრო ბაზების სამშობლოში დაბრუნება დაიწყო. რუსეთიც გაიყვანს თავის ბაზებს აფხაზეთიდან, ხოლო თურქეთს მიანიჭებს მედიატორის როლს საქართველოსათვის მისი დაბრუნების საქმეში, რათა იმავე თურქეთმა ყირიმი რუსეთის ტერიტორიად ცნოს, ხოლო საქართველომ ნატოსაკენ სწრაფვა შეწყვიტოს.

— გამოდის, რომ რუსეთი მოიხსნის საქართველოს ოკუპანტის სამარცხვინო მანტიას, ხოლო ყირიმის ნახევარკუნძული, სადაც ყირიმელი თათრები ცხოვრობენ და რომელზეც ისტორიულად ედგა თვალი თურქეთს, აფხაზეთზე გაიცვლება? და კიდევ — აღარც ნატო მიუახლოვდება რუსეთის სამხრეთ კარიბჭეს?

— ჩემი ინფორმაციით, რომელიც კომპეტენტური წყაროებიდან მივიღე, ამჟამად წარმოებს ფარული მოლაპარაკებები თბილისს, მოსკოვსა და სოხუმს შორის. გარკვეული დროის შემდეგ ეს საჯაროდ გაცხადდება და სამხრეთ ოსეთის პრობლემაც ავტომატურად გადაიჭრება.

— რას ბრძანებთ?! საქართველო აწარმოებს ფარულ მოლაპარაკებებს რუსეთთან და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან?!

— ბჟანიას ისედაც არა აქვს არჩევანი, მითუმეტეს, რომ აფხაზეთის ან თუნდაც მისი ნაწილის საქართველოსათვის დაბრუნების შემდეგ მას დე ფაქტო ლიდერის სავარძელში აღარავინ დატოვებს, თანაც მისი ყოფნა აფხაზეთში ისეთივე საფრთხის შემცველი იქნება, როგორც ფაშინიანის ცხოვრება სომხეთში არჩევნების შემდეგ.

— რამდენაც პარადოქსული არ უნდა იყოს, თუნდაც თეორიულად უშვებთ, რომ „თურქული აჭარის“ კვალდაკვალ საქართველოში შეიძლება გაჩნდეს „თურქული აფხაზეთიც“?

— საქმე ისაა, რომ აფხაზებსა და რუსეთს შორის ურთიერთობები ძლიერ გაფუჭდა, ხოლო რუსეთი და თურქეთი საგრძნობლად დაახლოვდნენ. რუსული მილიარდები, რომლებიც აფხაზეთისათვის გამოიყო, დაიტაცეს, ქვეყანაში კვლავ ნგრევა და ომისშემდგომი ყოფითი პრობლემებია. ამიტომაც აღარ გადაურიცხავს მოსკოვს სოხუმისათვის თანხები მიმდინარე წლის იანვრის შემდეგ, თანაც აფხაზეთმა არ ისურვა, შესულიყო რუსეთის ერთიან ეკონომიკურ სივრცეში. ამას დავუმატოთ გაქანებული კორუფცია და არნახული კრიმინალი, თუნდაც რუსეთის კონსულისა და მისი მეუღლის მკვლელობა, რომელიც დღემდე გაუხსნელია, მოსახლეობაში არსებული იარაღის კოლოსალური არსენალი... რუს ინვესტორს არა აქვს უფლება, აფხაზეთში ბიზნესი წამოიწყოს, თუ კომპანიონად აფხაზი არ ეყოლება. თუმცა, ეს წესი არ ვრცელდება თურქ ინვესტორებზე, რომლებმაც გადაავსეს აფხაზეთი. რუსეთის მოქალაქეებს, თურქებისაგან განსხვავებით, არც აფხაზეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღება შეუძლიათ, ისინი ვერ ყიდულობენ ბინებს, თუ არ ჩავთვლით ფართს მიგდებულ კორპუსებში... რუსეთისათვის თვალისმომჭრელი ყველა აფხაზური სიკეთე, რომელიც დე ფაქტო ბჟანიას მიერ კანონრპოექტების დონეზე იქნა ვიზირებული, აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა დაბლოკა.

— ყველაფერი, რაც დღეს აფხაზეთის ტერიტორიაზე ასე თუ ისე მუშაობს, რამდენადაც ვიცით, სომხების ხელშია...

— აფხაზეთის სომხობა, რომლის რაოდენობამაც უკვე გადააჭარბა აფხაზი მოსახლეობის რიცხოვნობას, საქმიან ურთიერთობას აწარმოებს სოჭელ და კრასნოდარელ სომხებთან და ერთ ძლიერ ლობს ქმნის. მაგრამ კონფლიქტი სომხებსა და თურქებს შორის, რომელთა წილი დღითი დღე იზრდება, გარდაუვალია. თურქეთის არაერთი მოქალაქის უცერემონიო ქცევის გამო თბილისსა თუ ბათუმში, ცხადი ხდება, რომ ისინი დედა-თურქეთის დიდ მხარდაჭერას გრძნობენ და ამიტომაც ქედმაღლობენ! არადა, სომხურ-თურქული დაპირისპირების შემთხვევაში, აფხაზეთის ტერიტორიაზე, ყარაბაღის დარად, ამოქმედდებიან რუსი მშვიდობისმყოფელები, ანუ კვლავ შეიქმნება აფხაზეთის გახლეჩის საფრთხე, როგორც ამას თავის დროზე ელცინი სთავაზობდა შევარდნაძეს: გაგრიდან ფსოუმდე — სომხები და აფხაზები, ხოლო სოხუმიდან ენგურის ხიდამდე — აფხაზეთის მეგრელები და ქართველები. ამას ისიც უნდა დავუმატოთ, რომ აფხაზეთის მოსახლეობა სულ უფრო და უფრო უახლოვდება საქართველოს — ჩამოდიან სამკურნალოდ და სასწავლებლად, ხოლო ენგურჰესი, რომელსაც საქართველომ ჩაუტარა რეაბილიტაცია, მათ უფასოდ აწვდის ელექტროენერგიას. მეორე მხრივ, თუ აფხაზები ფიქრობენ თურქეთთან ინტეგრირებაზე, აფხაზეთის მეგრელებს ისევე, როგორც იქაურ სომხებს, უფრო რუსეთისაკენ მიუწევთ გული... აი, ასეთ ნონსენსთან გვაქვს საქმე!

— თქვენს მიერ მოწოდებული ექსკლუზიური ინფორმაცია სერიოზულად დააფიქრებს კაცს...

— მე თქვენს კითხვას დავუბრუნდები, დღევანდელი ინტერვიუს დასაწყისში რომ დამისვით. რატომღაც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს 29 აპრილის საპარლამენტო მოსმენაზე არაფერი უთქვამს საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებზე ანუ „გამოწვევებზე“, როგორც ყოველწლიურ ანგარიშში იყო მოხსენიებული. არადა, საფრთხე, უპირველესად, სააკაშვილია, უფრო ზუსტად, მისი შესაძლო დაბრუნება, ანუ ჩამოთრევა, ჩამოშავება და ჩამობნელება, როგორც თქვენ უწოდებთ. სააკაშვილის პანკისელი ემისარი მალხაზ მაჩალიკაშვილი “ნაცმოძრაობაშია“, ამდენად, საინტერესოა, იცის კი უშიშროების სახელმწიფო სამსახურმა, დაბრუნდნენ თუ არა სირიიდან ის ქისტები, რომლებიც ისლამური სახელმწიფოს მხარეზე იბრძოდნენ? მართლაც საინტერესოა, იცის თუ არა ბატონმა ლილუაშვილმა, რომ თბილისში სამუშაოდ და პირდაპირი ტელეეთერის მოსაწყობად გადმოდის ალექსი ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდის მთავარი ოფისი, რომელიც რუსეთმა ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა? ისიც საკითხავია, რატომ არ სურს საქართველოს, რომ „ინტერპოლის“ საერთაშორისო ძებნილად გამოაცხადოს ქართული სასამართლოს მიერ 5-წლიანი პატიმრობისათვის გამწესებული და თურქეთის ტერიტორიაზე მიმალვაში მყოფი, საქართველოში არარსებული „უკვდავთა პოლკის“ დამფუძნებლები — გოგიძე და ანჟელა ზახაროვა, რომელიც გახლავთ სირიისა და რუსეთის მოქალაქე, ხოლო სააკაშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობითაც იყო წახალისებული, როცა სირიიდან საქართველოში ჩამობრძანდა?! რატომ არ აქცევს ყურადღებას სახელმწიფო უშიშროების სამსახური საქართველოში სააკაშვილის სხვა ემისართა საქმიანობასაც, თუნდაც კუროპტევასა და ლიფშიცის ფონდი „თავისუფალი რუსეთი“ ავიღოთ... აი, სად მარხია ძაღლის თავი და აი, რა წარმოადგენს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების მთავარ „გამოწვევას“, მათივე სიტყვებით რომ ვთქვათ!

— ზუსტად 40 წლის წინათ, 1981 წლის 13 მაისს, როდესაც აფხაზეთის დაკარგვაზე ორიენტირებული ლიხნის ავბედითი კრება ჯერ კიდევ არ იყო ჩატარებული და ჯავის რაიონის სოფელ ედისაში, იქ, სადაც როკის გვირაბი იწყება, თავისუფლად ახვიდოდი, ოჩამჩირელმა ვიტალი დარასელიამ „კარლ ცაისის“ კარში გამარჯვების გოლი შეაგდო. მილიონობით გულშემატკივარს ახლაც ყურში ჩაესმის კოტე მახარაძის ლეგენდარული სიტყვები საკავშირო ტელეეთერში: „ლიკუეტ სტოლიცა გრუზიი“...

— დღეს საქართველოს გოლები ვეღარ გააქვს — ვერც სპორტულ და ვერც პოლიტიკურ ასპარეზზე. დღეს თავად საქართველოს კარია დაუცველი და მავანი საბედისწერო „თერთმეტმეტრიანის“ დარტყმით იმუქრება... პენალტის მოგერიება მხოლოდ ხელისუფლების გონივრული პოლიტიკით იქნება შესაძლებელი, მითუმეტეს, როცა მსაჯიც მოსყიდულია და თამაშიც გაყიდული!

შევნატრი იმ დროს, როდესაც ამაყად ჩავალთ იმავე ვიტალი დარასელიასა და თითოეული ჩვენგანისათვის ძვირფას ოჩამჩირეში, როდესაც ამაყად გავივლით რუსეთისაკენ მიმავალ როკის გვირაბს, რომელიც ათასი ჯურის სააკაშვილებმა და მისმა მექრთამე პატრონებმა ჩარაზეს. მაშინ, კოტე მახარაძის თქმისა არ იყოს, მართლაცუდეტ ლიკოვატ სტოლიცა გრუზიი!“.

ესაუბრა ნატო ფოცხიშვილი

“ასავალ-დასავალი“ №20
2021 წლის 10 მაისი