პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე - განვიხილეთ დავით გარეჯის საკითხი, შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება

 საქართველო, 6 მაისი, საქინფორმი. ჩვენ ასევე განვიხილეთ დავით გარეჯის საკითხიც, ბუნებრივია შევეხეთ ამ საკითხს, შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება, დაჩქარდება და ძალიან მალე გადაწყდება ისე, როგორც ჩვენს ძმობას და მეგობრობას შეეფერება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრისას განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება, მათ შორის უსაფრთხოების საკითხები.

„მინდა პირველ რიგში ვთქვა, რომ მქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, ჩვენ განვიხილეთ მთელი რიგი საკითხები, მთ შორის ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობის მრავალწლიანი ისტორია და ჩვენ ვართ მოტივირებული, რომ კიდევ უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ ერთობლივად. ასევე, ჩვენ განვიხილეთ რეგიონში არსებული სიტუაცია, მათ შორის უსაფრთხოების საკითხებიც, შევეხეთ პრაქტიკულად ყველა საკითხს, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს. ჩვენ ასევე განვიხილეთ დავით გარეჯის საკითხიც, ბუნებრივია შევეხეთ ამ საკითხს, შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება, დაჩქარდება და ძალიან მალე გადაწყდება ისე, როგორც ჩვენს ძმობას და მეგობრობას შეეფერება. კომისიები გააგრძელებენ მუშაობას ძალიან მალე და მოგვიანებით გახდება ცნობილი უფრო კონკრეტულად", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, შეხვედრები გაიმართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერთან და პრემიერ-მინისტრთან, სადაც განხილული იყო ეკონომიკური საკითხები, თუ როგორ უნდა გააქტიურდეს მუშაობა ინვესტიციების მიმართულებით.

„ასევე მინდა გითხრათ, რომ მქონდა შეხვედრა პარლამენტის სპიკერთან, ასევე სულ ახლახან პრემიერ-მინისტრთან. ჩვენ განვიხილეთ მათ შრის ეკონომიკური საკითხები, თუ როგორ უნდა გავააქტიუროთ მუშაობა ინვესტიციების მიმართულებით. მითუმეტეს, პანდემიის შემდეგ. მოგეხსენებათ, რომ პანდემიამ ძალიან დააზარალა ჩვენი ეკონომიკები. მთელს მსოფლიოში ასე მოხდა. შევეხეთ ტურიზმის საკითხს. 2019 წელს მილიონ ნახევარი ადამიანი ჩამოვიდა აზერბაიჯანიდან და ეს იყო რეკორდული ციფრი. ძალიან კარგი ტონალობით ვასრულებთ დღევანდელ ვიზიტს. მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ალიევს და მის მთავრობას, ყველას, ასეთი გულთბილი დახვედრისთვის. მე პრეზიდენტი მოვიწვიე საქართველოში. მოგეხსენებათ, რომ მრავალი წელია პრეზიდენტი არ ყოფილა თბილისში, ისე განვითარდა ბოლო წლებში მოვლენები. მე მივიღე მისგან დაპირება, რომ იგი გვესტუმრება თბილისში და ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაზე თანამშრომლობას და კიდევ უფრო მეტ საქმეს გავაკეთებთ ერთობლივად", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.