უცხოეთი
თურქეთმა რუსული ვაქცინა Sputnik V საგანგებო მოხმარებისთვის დაამტკიცა

 საქართველო, 5 მაისი, საქინფორმი. თურქეთმა რუსული წარმოების ვაქცინა Sputnik V საგანგებო მოხმარებისთვის დაამტკიცა. როგორც სააგენტო „ანადოლუ“ წერს, ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ კოჩამ განაცხადა.

როგორც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი სოციალურ ქსელში წერს, ვაქცინამ ავტორიზაცია თურქეთის მედიკამენტებისა და სამედიცინო აღჭურვილობის სააგენტოს შეფასების შედეგად მიიღო.

„ანადოლუს“ ცნობით, ამგვარად, Sputnik V გახდება მესამე პრეპარატი, რომლითაც თურქეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მიმდინარეობს. ამ დროისთვის, თურქეთში აცრები ჩინური წარმოების „სინოვაკითა“ და „ფაზიერ/ბიონტექით“ მიმდინარეობს.

მანამდე, ფაჰრეთინ კოჩამ განაცხადა, რომ თურქეთს გაფორმებული აქვს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, მაისიდან ექვსი თვის განმავლობაში თურქეთი რუსული წარმოების ვაქცინის 50 მილიონ დოზას მიიღებს.

თურქეთში ვაქცინაცია 14 იანვარს დაიწყო. ამ დროისთვის, ქვეყანაში პირველი დოზა 13,7-მა მილიონმა მოქალაქემ მიიღო, 9,1 მილიონმა კი, ორივე დოზა.

1tv.ge