საქართველო, 28 აპრილი, საქინფორმი.აფხაზეთის ლიდერი ასლან ბჟანია ოკუპირებული რეგიონის ლიდერის რანგში მოსკოვს მეექვსედ ეწვია. 20-26 აპრილის ვიზიტის ფარგლებში ბჟანიამ რუსეთის ხელისუფლებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრები.
ბჟანიას პრესსამსახურის ინფორმაციით, 23 აპრილს აფხაზეთის ლიდერი „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელს ანა პოპოვას და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს დმიტრი კოზაკს შეხვდა. პოპოვასთან შეხვედრაზე მათ რუსეთსა და აფხაზეთში პანდემიის კუთხით არსებული ვითარება განიხილეს და ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ საჭირო ზომებზე ისაუბრეს.
ბჟანიამ პოპოვას აცნობა, რომ რეგიონი მზად არის მოახლოებულ სეზონზე რუსი ტურისტების ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოება უზრუნველყოს. მან აღნიშნა, რომ ადგილობრივი სამედიცინო დაწესებულებები საჭიროების შემთხვევაში სათანადო დახმარების გასაწევად მზადყოფნაშია. თავის მხრივ, პოპოვამ აფხაზეთის შესაბამის „სამთავრობო სტრუქტურებთან“ ახალი ტურისტული სეზონის გახსნის საკითხების განსახილველად მზადყოფნა გამოთქვა.
კოზაკთან შეხვედრაზე, მხარეებმა „სოხუმისა და მოსკოვის თანამშრომლობის რიგი საკითხები განიხილეს,” მათ შორის აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით საინვესტიციო პროგრამის განხორციელებაში მიღწეული პროგრესი.
ერთი დღით ადრე ასლან ბჟანია რუსეთის პრეზიდენტის საქმეთა მმართველს ალექსანდრ კოლპაკოვს შეხვდა. შეხვედრას მმართველის პირველი მოადგილე პაველ ფრადკოვი და კრასნოდარის ოლქის გუბერნატორი ვენიამინ კონდრატიევიც ესწრებოდნენ. აფხაზეთის ლიდერის პრესსამსახურმა მხოლოდ ის აღნიშნა, რომ მხარეებმა „თანამშრომლობის საკითხები“ განიხილეს.
ვიზიტის პირველ დღეებში ასლან ბჟანია მოსკოვის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის „როსგოსსტრახის“ გენერალურ დირექტორს გენადი გალპერინს და საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სამსახურის უფროსს ალექსანდრ ნერადკოს შეხვდა. გალპერინთან ბჟანიამ თანამშრომლობის შესახებ კომპანიის შემოთავაზება განიხილა, ხოლო ნერადკოსთან 1993 წლის შემდეგ დახურული სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციასა და გახსნაზე ისაუბრა.
„შექმნილია რუსი და აფხაზი სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი, რომელმაც უკვე შეიმუშავა საგზაო რუკა“, – იტყობინება ბჟანიას პრესსამსახური.
რუსულმა ტელეგრამ არხმა WarGonzo-მ, რომელიც ინტენსიურად აშუქებს რეგიონის პოლიტიკურ მოვლენებს, 21 აპრილს ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვით, ასლან ბჟანია „გავლენიან ქართველ ბიზნესმენებთან” ერთად ჩატარებულ ღონისძიებას დაესწრო.
არხის თქმით, შეხვედრა „მოსკოვის ერთ-ერთ ელიტურ რესტორანში თბილ და მეგობრულ გარემოში გაიმართა“.
„მაშინ, როდესაც დონეცკის სახალხო რესპუბლიკის გმირი, ახრა ავიძბა საეჭვო ბრალდებებით სოხუმის იზოლატორში იმყოფება, ხოლო რუსული დონბასი დიდი ომის ზღვარზეა, აფხაზეთის პრეზიდენტი აქტიურად ამყარებს კავშირებს ქართულ კაპიტალთან“, – აკრიტიკებს არხი ბჟანიას და დასძენს, რომ აფხაზეთი „ორი კურდღლის დაჭერას ცდილობს“.
ასლან ბჟანიას ქართველ ბიზნესმენებთან სავარაუდო შეხვედრაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
Civil.ge