აქტუალური
სუს–მა შიდა და გარე საფრთხეების შესახებ 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა

 საქართველო, 21 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს, ასევე საფრთხეებისგან მის დასაცავად მიღებულ ზომებს მიმოიხილავს.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს სახელმწიფოსთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს კვლავ რუსული ოკუპაცია, ოკუპირებული ტერიტორიების მზარდი მილიტარიზაცია და ადგილზე მიმდინარე სამხედრო წვრთნები წარმოადგენს, ხოლო საქართველოს ეროვნული ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების აქტიურობა კვლავ მთავარი გამოწვევა იყო“.

ანგარიშის თანახმად, ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ განთავსებული რუსეთის საოკუპაციო ძალები და მძიმე სამხედრო ტექნიკა აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“ და წარმოადგენს რეგიონულ საფრთხესა და საერთაშორისო გამოწვევას“. მოსკოვი „სრულად აკონტროლებდა“ და ერთვებოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში მიმდინარე ყველა პროცესში.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ მოსკოვი განაგრძობდა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების „ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკას“, რაც ასევე მოიცავდა 2020 წლის ნოემბერში რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ე.წ. ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამის „დამტკიცებას“, სასაზღვრო სოფელ აიბგასთან დაკავშირებით რუსეთის ტერიტორიული პრეტენზიების ხელახლა წამოწევას და ოკუპირებულ ცხინვალსა და რუსეთის ფედერაციას შორის ე.წ. საბაჟო პროცედურების გამარტივებას.

ანგარიშში ნათქვამია, რომ რიგ შემთხვევებში, საოკუპაციო რეჟიმმა უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს ხანგრძლივი უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. ამ მხრივ, დოკუმენტი „უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძისა და ირაკლი ბებუას საკითხს“ გამოყოფს.

დოკუმენტის თანახმად, ოკუპაციის ფარგლებში რუსეთის ფედერაცია აქტიურად განაგრძობდა „ჰიბრიდული ომის“ ინსტრუმენტების გამოყენებას, რომლის მთავარ მიზანს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია, საზოგადოებაში ნიჰილიზმისა და პესიმისტური განწყობების გაღვივება და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დაბრკოლებების შექმნა წარმოადგენდა“.

ანგარიში აღნიშნავს, რომ „ე.წ. გადასასვლელი პუნქტების“ ჩაკეტვამ მნიშვნელოვნად გააუარესა ოკუპირებულ რეგიონებში, განსაკუთრებით, ოკუპირებულ გალსა და ახალგორში მცხოვრებთა ყოველდღიურობა, ვინაიდან მათ შეეზღუდათ ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის, გადაადგილების თავისუფლება, წვდომა ხარისხიან ჯანდაცვაზე, განათლებაზე და სხვა. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას დამატებით შეეზღუდა წვდომა პენსიებსა და სოციალურ დახმარებებზე“, ნათქვამია ანგარიშში.

კვლავ მწვავედ დგას ქართველი მოსახლეობის „მიზანმიმართული დისკრიმინაციის“ პრობლემა, მათ შორის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვა, მოსახლეობის ეთნიკური იდენტობის შეცვლისა და ასიმილაციისკენ მიმართული პოლიტიკა, ნათქვამია ანგარიშში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ უცხო ქვეყნების დაზვერვის სამსახურები ცდილობდნენ შიდა პოლიტიკურ პროცესებსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში „პირდაპირ ან ირიბ ჩარევას“, კონსტიტუციური წესრიგის დარღვევას, არეულობის შექმნას, ასევე, სახელმწიფო საფუძვლებისა და მმართველობის ფორმების შერყევას, ქვეყნის ინსტიტუციური სისტემების ფუნქციონირების შეფერხებას და მათი განვითარების შეზღუდვას.

დაფიქსირდა მნიშვნელოვან პროცესებზე გავლენის მოხდენის აქტიური მცდელობები, საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირებით, მოსახლეობის დაყოფისა და პოლარიზების გზით“, – ნათქვამია ანგარიშში. სხვადასხვა დეზინფორმაციული თუ პროპაგანდისტული მეთოდების გამოყენებით“, უცხო ქვეყნების დაზვერვის სამსახურები ცდილობდნენ მოსახლეობაში საქართველოს დასავლელი პარტნიორების მიმართ უნდობლობის გაღვივებას, დემოკრატიული ღირებულებებისა და სისტემების დაკნინებას და საპირწონედ, ცალკეული ქვეყნების ინტერესებს მორგებული მსოფლმხედველობის გავრცელებას.

ანგარიშის თანახმად, ცალკეული ქვეყნები და მათი გავლენის ქვეშ მყოფი ჯგუფები მიზნად ისახავდნენ შავი ზღვის რეგიონსა და საქართველოში ნატოს აქტივობების შეზღუდვას და ამ მიმართულებით დესტრუქციულ საქმიანობას ეწეოდნენ. ამასთანავე, დაფიქსირდა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს არასანდო, არასტაბილურ პარტნიორად წარმოჩენის მცდელობები“, – ნათქვამია დოკუმენტში.

დოკუმენტი 2020 წლის კონკრეტულ რეგიონულ გამოწვევად სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო კონფლიქტს ასახელებს, როდესაც დაინტერესებული ჯგუფები განსაკუთრებით გააქტიურდნენ საქართველოში ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების მიმართულებით“. აღნიშნული ჯგუფები აქტიურად ცდილობდნენ საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელ და სომეხ მოქალაქეებს შორის ვითარების დაძაბვას, კონკრეტული მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე კონფლიქტის გადმოტანას და იქ არსებული მშვიდობიანი გარემოს დაზიანებას“, – აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

დოკუმენტის თანახმად, ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაცია მიმდინარე მოვლენებში საქართველოს სხვადასხვა ფორმით ჩართულობის შესახებ.

მთიან ყარაბაღში სამხედრო კონტინგენტის განთავსებით, რუსეთი ცდილობს რეგიონზე სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის ბერკეტების გამყარებას, რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს რეგიონის უსაფრთხოების გარემოზე“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში ნათქვამია, რომ 2020 წელს, არსებითად უარყოფით გავლენას ახდენდა უცხო ქვეყნებისა და მათი სპეციალური სამსახურების მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმართული „ჰიბრიდული საფრთხეები“ და აღნიშნულ პროცესში დეზინფორმაციის, ე.წ. რბილი ძალის და ფარული ოპერაციების გამოყენება.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოზე გავლენის მოპოვებით დაინტერესებული სახელმწიფოები პერიოდულად ცდილობენ ქვეყანაში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური, რელიგიური თუ სოციალური ჯგუფების დაპირისპირებას, შუღლის გაღვივებასა და რადიკალური განწყობების ხელშეწყობას“.

ამასთანავე, ადგილი ჰქონდა სამიზნე ჯგუფებში ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე რადიკალური შეხედულებების წახალისების აქტიურ მცდელობებს, რისთვისაც მიმდინარეობდა ყოფითი ხასიათის სხვადასხვა საკითხის ეთნიკური თუ რელიგიური ნიშნით წარმოჩენა, აღნიშნულით მანიპულირება და ანტიქართული განწყობების გაღვივება“.

ანგარიშის თანახმად, გასულ წლებში, „საჯარო კრიტიკული ინფორმაციული სისტემების მიმართ არაერთი კიბერშეტევა განხორციელდა“. დოკუმენტს მაგალითად ჯანდაცვის სამინისტროზე 2020 წლის სექტემბერში განხორციელებული შეტევა მოჰყავს, რასაც კოვიდ-19-ის პანდემიის მართვასთან დაკავშირებული დოკუმენტების გაჟონვა მოჰყვა. დოკუმენტის თანახმად, კიბერშეტევას დეზინფორმაციული კამპანია და დესტრუქციული პროცესები უძღვოდა წინ, მათ შორის იყო რუსეთის საოკუპაციო ძალებისა და დე ფაქტო რეჟიმების წარმომადგენლების განცხადებები.

რაც შეეხება ტერორისტულ საფრთხეებს, ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში არ დაფიქსირებულა კერები, სადაც მიმდინარეობდა ტერორისტული იდეოლოგიის გავრცელება. ასევე, უკანასკნელი წლების მსგავსად, 2020 წელს არ გამოვლენილა სირიასა და ერაყში საქართველოს მოქალაქეთა გამგზავრების არცერთი ფაქტი“, აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

Civil.ge