აქტუალური
ირაკლი კობახიძე - „ქართული ოცნება“ 43-პროცენტიან ზღვარსაც ადვილად გადალახავს

 საქართველო, 20 აპრილი, საქინფორმი. შეგვიძლია, როგორც ერთი, ასევე მეორე ზღვარი აბსოლუტურად თავისუფლად გადავლახოთ კარსმომდგარ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე და ვფიქრობ, ამაში საზოგადოება თვითონ დარწმუნდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ 43-პროცენტიან ზღვარსაც ადვილად გადალახავს.

„თავისთავად, ლოგიკას 43 პროცენტი არ ეფუძნება. ჩვენ შევთავაზეთ თავის დროზე ჩვენს პარტნიორებს და ოპოზიციას 40-პროცენტიანი ზღვარი, რაზეც ვიყავით შეთანხმებული შარშან. თუმცა, როგორც ჩანს, ოპოზიციასთან დამატებით სასაუბროდ ჩვენი ევროპელი მეგობრებისთვის საჭირო გახდა ზღვრის ოდნავ აწევა. ჩვენთვის არსებითად არაფერს არ ცვლის ეს. ერთადერთი, იყო მნიშვნელოვანი, რომ რაღაც ლოგიკას დაფუძნებოდა ზღვარი, თუმცა პრინციპულად, იმ თვალსაზრისით, რომ „ქართული ოცნება“ ასეც და ისიც, მარტივად გადალახავს ზღვარს, არც 40 პროცენტიანი ზღვარია ჩვენთვის პრინციპული და არც 43-იანი. შეგვიძლია, როგორც ერთი, ასევე მეორე ზღვარი აბსოლუტურად თავისუფლად გადავლახოთ კარსმომდგარ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე და ვფიქრობ, ამაში საზოგადოება თვითონ დარწმუნდება“, – განაცხადა კობახიძემ.